1926 წლის 17 ნოემბერს დაიბადა ქართველი მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი კოტე მახარაძე.
კოტე მახარაძემ 1944 წელს წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1948 წელს წარმატებით დაამთავრა და მიღებულ იქნა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სადაც მან დაჰყო 23 წელი.
1970 წლიდან გადავიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1973-1974 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.
1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე.
თეატრში მოღვაწეობის პარალელურად კოტე მახარაძე გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის „დინამოში“.
1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას მიჰყავდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი _ 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად), როცა „დინამო“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ხოლო 1981 წელს, როცა „დინამომ“ მოიპოვა ევროპის თასების თასი.
„ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა _ თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“ _ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა.
ეს სიტყვები კოტე მახარაძემ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის „დინამომ“, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.
უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.
წყარო: ვიკიპედია