ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის – www.humanrights.ge-ის არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტი აკვირდებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.
„თითოეული ბიულეტენი სხვადასხვა ცალ-ცალკე კონვერტში მოთავსებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ბიულეტენებთან ერთად. საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, საუბრო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ბიულეტენები, სხვებთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიაში გადააგზავნოს”,_ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.