მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზნები
გაქვთ გრძელვადიანი გეგმები, რომელთა მიღწევის სურვილიც მოტივაციით გავსებთ? თუ თქვენი პასუხია „არა“ მაშინ ბუნებრივია, რომ სიზარმაცე ხშირად გიტევთ. თუ არ გაქვთ მიზანი, რომლის მიღწევაც გინდათ, მაშინ ვერც ვერაფერს მიაღწევთ და დასაკარგიც არაფერი გექნებათ. დროის ფლანგვა ერთადერთია, რაც იდეალურად გამოგივათ. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია იპოვოთ მიზანი, რომლის მისაღწევადაც არასოდეს დაგეზარებათ მუშაობა.
ყოველდღიურად შესასრულებელი საქმეების სია
თუ ზუსტად არ იცით, რა არის შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ, მაშინ ნამდვილად შეგაწუხებთ სიზარმაცე. საღამოობით, მომდევნო დღის დაგეგმვა არამხოლოდ შესასრულებელი საქმეების დალაგებაში დაგეხმარებათ, არამედ გონებას შრომისთვის განაწყობს. მომდევნო დღეს შესასრულებელი საქმეების სიის ჩამოწერა ყველაზე რთული დავალებებით დაიწყეთ, რომელსაც დილის საათებში მოიშორებთ. საღამოსთვის, როდესაც ყველაზე ხშირია სიზარმაცის შემოტევები, რაც შეიძლება ადვილი საქმეები მოიტოვეთ.
ვისთან ერთად ატარებთ დროს?
სიზარმაცე გადამდებია. თუ ყოველდღიურად დროს ზარმაც ადამიანებთან ერთად ატარებთ, ვისაც არც სამსახური აქვთ და არც მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ, მაშინ თქვენც გაზარმაცდებით. მნიშვნელოვანია დრო ისეთ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ვინც შთაგონებითა და ახალი იდეებით აგავსებთ. ძალიან რთულია ადამიანების დავიწყება და ახალი მეგობრების გაჩენა, ამიტომ უბრალოდ გაეცანით წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს. გაიგეთ რა გზა გამოიარეს, რათა მიზნებისთვის მიეღწიათ და მოარგეთ ის თქვენს ცხოვრებას. ასე გაცილებით მოტივირებული და ენერგიული იქნებით.