ამას წინათ ისევ გადავიკითხე ელენე ნიკოლაიშვილის ,,მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან”, სადაც ვინმე ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე (სოფელი არჩეული), იგონებდა თუ როგორ გადაიტანა ე.წ. ,,ისპანკა”, იგივე გრიპი: ,,ისპანკა გამევიარე მე… რუმ გათენდებოდა, ეგერ კივილი, ეგერ კივილი, ეგერ კივილი! ვერ იტანდა ხალხი, კტებოდა ხალხი. იმისანა ქალები დასწყვიტა ჩვენ კუთხეში, მადლი იყო სანახავათ. ტილოში ხოვდენ. მაშვინ დამემართა მაგი ცხრამეტ წელში. წყტება ხალხი ტყულათაი, ქალი, კაცი, ბაღანაი. ვისაც დიემართა, კტება! ვერ უშველეს ვერკაც, ვერასფელობამდინ ვერ უშველეს… დაი მყავდა ჩემს უნცროსი, დავწეით ერთათ, ერთ ლოგინზე, გუუწევ ფეხს იწობა იი, წავაკარეფ ფეხს, აა, ცხელი ხარ, ვიწობი, მიჩივა, ერთქამეც ველაპარიკებით ასთე, ვნახეთ გრადუზი, ვიწობით. მეიტანა დედაჩვენმა ტილო, გაწურა და გაგხოვ შითო, არ მოხვიდე, თვარა მოკლავ-მეთქი, უთხარი; მაკანკალეგფს-მეთქი, უთხარი სიცივიზგან, ტილო რაღათ მიდამეთქი?! იმანაც ისთე უთხრა: ცეცხლი მინდა, ისთე ვკტები სიცივისგანო. სიცხე კი ქვონდა და გვციოდა, აი ცანცალი ქი ქვონდა და ქი ვიწობოდით, არ დავანებეთ და მაინც აი ტილო თავზე მაინც დაგვადუა და გადაგვიკონა, ტანზე გამოგვიცუალა…
გევიდა ერთი სამივოთხი დღეი და მევითხუე ჟავე. ბიჟო, ქ’არ გადავსჩით ორივე! ხალხს უკვირდა, რაფერ გადარჩაო. ორივე სუქან-სუქანი ვიყაით, ხორცვანი, ქი გადავშჩით, ყველას გუუკვირდენ. რა ხალხი დაწყტაო და აგინი ამ ქუხნაში, აი ბაღნები ქი გადარჩა აგერო”.
,,ისპანკა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1918-20 წლებში მძვინვარებდა, როგორც ამბობენ, დაავადდა დაახლოებით 550 მილიონი ადამიანი (პლანეტის ლამის 30%) და 50 მილიონი კი გარდაიცვალა (Eშ ციფრი დაზუსტებული არ არის. მსხვერპლი ბევრად მეტი იყო, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი. ინფექციამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრი გაავლო უამრავ ქვეყანას მთელ მსოფლიოში; სამოამ დაკარგა მცხოვრებთა 22%, ესპანეთმა 12,3, აშშ-მ 6,5 %. ალასკაზე ერთ დასახლებაში სახელად ბრევიგ-მიშენ, სადაც 80 ადამიანი ცხოვრობდა, 72 გრიპმა იმსხვერპლა… (საინტერესოა, რომ ეპიდემიას მხოლოდ ორი ადგილი გადაურჩა – ბრაზილიასთან მდებარე კუნძული მარაჟო და წმინდა ელენეს კუნძული, სადაც ნაპოლეონი იყო თავის დროზე გადასახლებული).
ბევრი სპეციალისტი ,,ესპანურ გრიპს” კოვიდს ადარებს, პირველ რიგში იმ ზომებთან დაკავშირებით, რასაც კაცობრიობა ცდილობდა და ცდილობს ინფექციის შესაჩერებლად.
პირველი ტალღა ინფექციისა 1918 წელს დაატყდა მსოფლიოს, შემდეგ გაქრა, მეორე ტალღა უფრო ძლიერი იყო, თუმცა ისიც მალე გაქრა, ხალხიც მოდუნდა, გადავრჩითო და მოულოდნელად 1919 წლის შემოდგომაზე ვირუსმა ბევრად უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ადამიანებს.
..ისპანკას” ესპანეთთან არაფერი აკავშირებს, სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ საიდან წამოვიდა ვირუსი, დოკუმენტურად კი პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასში დაფიქსირდა 1918 წლის მარტში და აქედან მოედო მსოფლიოს. მაშინ ბევრი ქვეყანა ჩაბმული იყო პირველ მსოფლიო ომში და ცენზურის გამო ამ ეპიდემიის შესახებ არაფერს წერდნენ (მაგ., პრეზიდენტ ვუდრო უილსონს არასოდეს უხსენებია ,,ესპანური გრიპი”, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ და თავადაც 1919 წლის აპრილში დაავადდა პარიზში ყოფნისას). ესპანეთი კი ნეიტრალური ქვეყანან გახლდათ და პრესაში ყველაფერი დაუფარავად იბეჭდებოდა, მათ შორის ამბები მეფის ალფონსო XIII-ის ავადმყოფობის შესახებაც. სწორედ ესპანეთში გამოქვეყნდა პირველად ცნობა ამ ვერაგ დაავადებაზე. უცხოელმა მკითხველმა კი, რომელიც ღია ინფორმაციას ღებულობდა ესპანური მედიიდან, სრულიად უსაფუძვლოდ ირწმუნა, რომ ინფექციის გავრცელების წყარო ესპანეთი იყო და ამიტომ მას შეარქვეს ,,ესპანური გრიპი”, სხვანაირად კი ,,ესპანელი ლედი”. რუსეთში ის ,,ისპანკად” მონათლეს და ყოფილ იმპერიაში ამ სახელით დამკვიდრდდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელებს გრიპის გამავრცლებლად საფრანგეთი მიაჩნდათ და მას ,,ფრანგული გრიპი” უწოდეს.
საქართველოც ვერ აცდა ამ ინფექციას, თუმცა ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით ,,ახლად არჩეულმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა (ერობებმა), სანიტარული რაზმების ორგანიზებით, მეტნაკლები წარმატებით შეძლეს პრობლემის დაძლევა.
ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდათ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა.“
ამბულატორიების ქსელის განვითარებამ რეალურად შეასუსტა „ისპანკის“ გავრცელების მასშტაბი, საქართველოში მსხვერპლის რიცხვი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.
ახლა მოვუსმინოთ ცნობილ კატო მაყაშვილს (ამონარიდი მისი დღიურიდან): ,,1918 წლის 30 ენკენისთვეს ქეთოსთან წავედი და ავად დამიხვდა. მასაც შეხვდა ახალმოდური ავადმყოფობა – „ისპანკა… დღეს მესამე დღეა, რაც ავდექი. 3 კვირა ლოგინში ვიწექი. ამ ახალმა ავადმყოფობამ ჩემზედაც სინჯა თავისი ძალა. ერთხელ 10 დღე ვიწექი, მოვრჩი, ავდექი. მეორედ კიდევ გავცივდი და უფრო საშინელი რამ დამემართა. მთელ ჩემს სხეულს დაუარა ამ „ისპანკად“ წოდებულმა სატკივარმა. სიცხე დიდი მქონდა, 40 გრადუსზე მეტი. ძალიან და ძალიან დავიტანჯე. ორი დღე სულ გაუნძრელად ვიწექი, რადგანაც ყველა ძვლები მტკიოდა. ეპიდემიაა თბილისში. ერთი სახლი არ არის, რომ ავადმყოფი არ იყოს იქ… ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მოკვდა. გაფრთხილება უნდა. ჩვენთან: მე, დედა და კატუნა ვიწექით. დედაკაცი არა გვყავდა. მამა სამსახურში არ დადიოდა და გვივლიდა. სადილსაც ის აკეთებდა, მაგრამ ვაი იმ სადილს, სუფის მაგივრათ რაღაც ფაფას აკეთებდა.“
,,ისპანკას” ბევრი იუმორით შეხვდა და ლექსიც კი უძღვნა:
შიმშილ-სიცივე, ციებ-ცხელება,
სურდო, სახადი, ინფლუენცია,
ფილტვის ანთება…… დღეს შეკავშირდენ,
და შექმნეს ერთი კოალიცია,
მყის თავმჯდომარედ დასვეს ისპანკა,
გადასცეს მთელი ძალაუფლება,
და რაც გვეწვია, მკაცრობს, ბრძანებლობს
დაიწყო ხალხის მუსვრა, აკლება;
დღეს ანგარიში არ აქვს მის მსხვერპლსა,
მრავლად გასწყვიტა ქალი, კაცია,
ვინ იცის, რამდენ სასარგებლო პირთ
უდროოდ უყო ლიკვიდაცია;
გოდებს ქალაქი, მოსთქვამს სოფელი,
გაქრა ქეიფი, გაქრა ლხინები,
სადაც არ წახვალ, გლოვა ზარია,
სჩანს კუბოები, ბალდახინები.
დღეს აფთიაქებს და მეკუბოებს
უღიმის ბედი, დაუდგათ დარი,
ვეღარ აუდის საქმეს ვერც ერთი
და ჩაიმსაქნეს ოხრად ქანქარი.
ავტორი ლუკ-ოღლი, ,,ეშმაკის მათრახი”, #20 1920.
დე ჟავიუ, როგორც იტყვიან.
იმ დღეებში ძალზედ გამკაცრებული იყო ზომები, უმეტეს ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა. მაგრამ შეზღუდვები ბევრად უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დღეს. ვინც რეჟიმს არღვევდა და პირბადეს არ ატარებდა მხოლოდ ჯოხებით არ ტყეპავდნენ, როგორც ინდოეთში, ან კიდევ ჯარიმას ახდევინებდნენ. აშშ-ში პანდემიის დროს სახლის ფანჯრიდან ქუჩაში გადაფურთხებისათვის მოქალაქეს ხუთწლიანი პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა. ერთხელ სან-ფრანცისკოს მერს ნიღაბი მოძვრა, ეს დაინახა იქვე მდგარმა პოლიციელმა და მაშინვე ჯარიმა გამოუწერა (თბილის-ქალაქის პატივცემულ მერს მსგავსი ხიფათი პოლიციისაგან ნაღდად არ ელოდება, რადგან მსგავსი რამ ბუნებაში ვერ მოხდება – ნიღაბის მოძრობას არ ვგულისხმობ, არამედ ჯარიმის გამოწერას, ვინც ვერ მიხთა). სხვა პოლიციელმა კი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქუჩის პატრულირებას ახდენდა, რევოლვერიდან სამი კაცი ადგილზე მიაწვინა, რადგან ისინი პირბადის გარეშე იყვნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელის შენიშვნას და წინააღმდეგობაც გაუწიეს.
მაშინ, ისევე როგორც დღეს, ფრონტის წინა ხაზზე მედიცინის მუშაკები იდგნენ, მათ ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ, მაგრამ არა მხოლოდ ვირუსისაგან, არამედ ჰომო საპიენსისაგან. ბევრი დაავადებული მდიდარი ადამიანი თითქოსდა ერთჯერადი პროცედურის ჩასატარებლად ექთნებს იძახებდა, სახლში ატყვევებდა და მხოლოდ ავადმყოფობის სიმპტომების გაუჩინარების შემდეგ ათავისუფლებდა. პანდემიის დასრულების მერე ამ ნიადაგზე რამდენიმე სასამართლო პროცესიც კი გაიმართა.
საინტერესოა, რომ ,,ისპანკა” ისევე უეცრად გაქრა, როგორც წარმოიშვა და ამის ახსნა სპეციალისტებს დღემდე არ აქვთ.
ალბათ საჭიროა, რომ ,,ესპანური გრიპის” მაგალითზე კაციობრიობამ დასკვნები გამოიტანოს, რათა დღეს იგივე შეცდომები არ გაიმეოროს (თუმცა ბევრი შეცდომა უკვე დაშვებულ იქნა). 102 წლის წინ დაწყებული პანდემიის შედეგად უპირველესად დაზარალდნენ ღარიბი ქვეყნები და ღარიბი მოსახლეობა, ასევე ის ქვეყნები, რომელთაც არ შემოიღეს მკაცრი კარანტინი, ან კიდევ დროზე ადრე გააუქმეს ის. ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი მაშინაც და დღესაც გამოავლინა ავსტრალიამ, ამიტომაც ის ყველაზე უფრო ნაკლებად დაზარალდა, როგორც მსხვერპლთა რიცხვით, ასევე ეკონომიურადაც.
და ბოლოს, დიდი შანსი იყო რომ მსოფლიოს არ ეყოლებოდა მიკი მაუსი, დონალდ დაკი ან კიდევ შვიდი ჯუჯა. ამ კინოგმირების ,,მამა” უოლტ დისნეი ევროპის საომარ ფრონტზე გასამგზავრებლად ემზადებოდა, როცა ვირუსის მძიმე ფორმა შეეყარა. ის ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს დიდი ხნით. როცა გამომჯანმრთელდა, მსოფლიო ომი დასრულებული იყო, ასე რომ ის სიკვდილს გადაურჩა, როგორც ,,ისპანკისაგან” ასევე, დიდი ალბათობით, საომარ ველზე და დაგვიტოვა ანიმაციური შედევრები.