ხონის მუნიციპალიტეტში, მთისწინა ზონის კოპწია სოფელია ხიდი, 40-მდე კომლით.
სოფლის სახელწოდება, აქ ჩამომდინარე ცხენისწყალზე მდებარე ხიდს უკავშირდება. ის სოფელს შუაზე კვეთს.
ბუნების ფეიქრობით, სილამაზის ზენიტში მყოფ სოფელს, უძველესი ისტორია აქვს. დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებს უკავშირდება.
ხიდის ქვეშ, დღემდე შემორჩენილია ძველისძველი ბურჯი, რომელიც რომაელ სარდალს, პომპეუსს უკავშირდება. აქ მას ძველი წელთაღრიცხვით, 65 წელს გაუვლია, როცა პონტოს მეფეს, მითრიდატეს მისდევდა. მდინარეზე კი ასაწევი ხიდი აუგია. ამიტომ ისმოდა საუკუნეთა განმავლობაში და ახლაც ისმის , ისტორიული სინამდვილითა და თქმულებებით ნაზავი სახელები: „ბუმბუას ხიდი“, „პომპეუსის ხიდი“… (ხალხის ცნობიერებაში ხიდის ამგებად ვინმე „ბუმბუაც“სახელდებოდა ).
ყველაზე ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში აგებული ხიდი, დღემდე საუკეთესოდ ითვლება. გვერდით კი, ძველი ხიდის კომპლექსი, ხელუხლებლად არის შენარჩუნებული, თავის დროზე სოფლის პედაგოგთა და აქ მცხოვრებთა მოთხოვნით. მათ ისურვეს, ლითონის კომპლექსი_ ხიდი, სანახაობრივი თვალსაზრისით დარჩენილიყო, როგორც სოფლის ისტორიის ნაწილი.
დღეს, სოფელი ხიდი ერთგვარი მიმზიდველი ბარიერია ვიზიტორთათვის, იქვე, კინჩხა-გორდის კანიონთან მისვლამდე.
„გამარჯობა“ –„მობრძანდის“ უსაზღვროდ მოყვარული ხალხი ცხოვრობს აქ.
როგორც ამბობენ, ზამთრის სამზადისიც , „წკიპზე“ აქვთ მიყვანილი. თუმცა, გარეთ, შემოდგომის ოქროსპირული დასრულებას არ აპირებს _ ბროწეულისა და ხურმის ფარდები, ხეებიდან და აივნებიდან არ იცვლიან „ფეხს“, ზენიათის მთის კორტოხზე გადმომდგარი მზე კი, ნაბიჯით არ აპირებს უკუქცევას…
ნამდვილად სიყვარულში გაძლებამდე ეჯიბრებიან ერთურთს!
ცისფერ ფირუზად გართხმული ცხენისწყალი კი თავისებურად მსაჯობს ამ სიყვარულის ორომტრიალს…
ამ პატარა სამოთხეს, წლების წინ, ქველმოქმედი ადამიანი მოევლინა – ფესვებით აქაური, გოგი კაჭარავა. ეკლესია, სამედიცინო პუნქტი, სტადიონი, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის შეცვლა თუ ჭირსა და ლხინში ეკონომიკური დახმარება, თანადგომა ადგილობრივთათვის… ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მით უფრო, როცა ის დღემდე უხმაუროდ აგრძელებს საქმიანობას და პატარა სოფლისთვის იმედად ანთია.