“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ “მედალფას” ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებულ პაციენტებსაც მიიღებს. ჩვენივე ინფორმაციით, კლინიკას უკვე ჰყავს ასეთი პაციენტი.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას “მედალფას” ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ აღნიშნა, კლინიკა გახდა ე.წ. ჰიბრიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პაციენტებთან ერთად ამიერიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვისაც გამოიყო საწოლები.
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, “მედალფას” ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი კოვიდკლინიკად გადაკეთდა და სხვა პაციენტებს აღარ ვიღებთ. ეს არის ჭორი. ჩვენთან ჩვეულებრივ მუშაობს ყველა განყოფილება. პირველი სართული, თავისი იზოლირებული შესასვლელით დაეთმო კოვიდპაციენტებს, ხოლო მეორე სართულზე, ასევე იზოლირებული შესასვლელით, განთავსთდნენ სხვა პაციენტები.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ცალკე იზოლირებული ფართი, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენც, კიდევ ვიმეორებ, გამოვყავით ცალკე ფართი, რომელიც განთავსებულია ჩვენი კლინიკის პირველ სართულზე. მას, როგორც გითხარით, აქვს იზოლირებული შესასვლელი. კოვიდგანყოფილება გათვლილია 14 საწოლზე. აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო მედიკამენტით თუ ინვენტარით. თუმცა, არ გვაქვს კოვიდპაციენტებისათვის რეანიმაციული განყოფილება. ღმერთმა ნუ ქნას და ასეთის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა კლინიკაში გადავიყვანთ. ჩვენი განყოფილება უფრო გათვლილია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომ მათ ამ ისედაც გართულებულ სიტუაციაში, პრობლემა არ შეექმნათ. ამით, ასევე, ნაკლებადმძიმე პაციენტებისგან განიტვირთება კოვიდკლინიკები. უკვე გვყავს ერთი კოვიდპაციენტი საშუალო სიმძიმით, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ახლა მინდა კვების ორგანიზება გავაკეთო. ვეძებთ ისეთს, ვისაც ინფიცირებული პაციენტებისათვის შევუკვეთავთ საკვებს. მენიუ უკვე შედგენილი გვაქვს სამჯერადი კვებისთვის. შემსრულებელთან წინასწარი მოლაპარაკებით გავაფორმებთ ხელშეკრულებას. საკვების მოტანაც მან უნდა უზრუნველყოს. ჭურჭელი იქნება ერთჯერადი გამოყენების. ამით პაციენტის პატრონს დავეხმარებით. ძნელია, სოფლიდან ყოველდღე, განსაკუთრებით, ამ შეზღუდვების პირობებში მოსვლა ავადმყოფთან საკვების მოსატანად“, _ გვითხრა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩოხატაურის “მედალფას” რამდენიმე მედპერსონალს დაუდასტურდა covid 19. ანტონ ხუნდაძის თქმით, თითქმის ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.
ხუნდაძის თქმითვე, კლინიკა ჩართულია უფასო ტესტირების პროგრამაში. როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტესტირების შესახებ სწორად არ არის ინფორმირებული.
“მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს არის უფასო ტესტირება. ნებისმიერს, ვისაც covid-თან დაკავშირებული სიმპტომები აღენიშნება, ან ოჯახის წევრი ჰყავდა კოვიდინფიცირებული, ან რაიმე სახის შემხებლობაში იყო კორონავირუსით დაავადებულთან, შეუძლია, მოვიდეს და ჩაიტაროს უფასო სწრაფი ტესტი, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.