23 წლის ვიტალი კილასონია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. ის ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტია. ბოლო დროს აქტიურად მუშაობს, რომ სოფლის მეურნეობაში თავისი ადგილი დაიკავოს.
გამოწვევებით სავსე წლები
ვიტალი კილასონია: დავიბადე და გავიზარდე გურიაში, ჩოხატაურში, დავამთავრე # I საჯარო სკოლა. შემდეგ დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და გავხდი სტუდენტი აგრარული მიმართულებით. სტუდენტური წლები იყო სავსე გამოწვევებით, განსაკუთრებით რთული იყო პირველი წელი, როდესაც, ფაქტობრივად, გაანალიზებულიც არ მქონდა, რა მინდოდა და ზუსტად საითკენ წამიყვანდა ჩემი ინტერესი. თუმცა, ერთი კი ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა ისეთი რამ, რაც პრაქტიკული და განხორციელებადი იქნებოდა სამომავლოდ. გარდა აგრარული საკითხებისა, აქტიურად ვიყავი ჩართული მწერლობასა და პოეზიაში, რაც ჩემი დიდი გატაცება და ინტერესი გახლდათ და ასე რჩება დღემდე. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვმუშაობდი ტურიზმის სფეროშიც, განსაკუთრებით, ხშირად მიწევდა ღვინის ტურების მეგზურობა, რაც დარგობრივად ძალიან ახლოს იყო ჩემთან.
კორონავირუსი და ონლაინ კურსები
სოფლის მეურნეობაში ჩართვა განაპირობა ჩემმა ინტერესმა, რომელიც ბავშობიდანვე გამაჩნდა, კერძოდ, ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩართული იყო ამ საქმეში და შესაბამისად, მქონდა სურვილი, რომ უკეთ შემესწავლა დარგი და განმევითარებინა ჩემი შიდა მეურნეობა, შემდეგ კი დავხმარებოდი ფერმერებს თავიანთ საქმიანობაში. საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია, რომელშიც სოფლის მეურნეობისა და მისგან მიღებული პროდუქციის წილი საკმაოდ მაღალია, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი წარმოების განვითარება, რაც შემდგომ შეამცირებს იმპორტსა და გაზრდის ექსპორტის მაჩვენებელს. დასავლეთ ევროპული ქვეყნები უკვე წლებია გადაერთნენ მდგრად სოფლის მეურნეობაზე და ბიო წარმოებაზე. მსგავსი მიდგომები ბოლო წლებია ჩვენთანაც შეინიშნება. ჩემი მომავალი საქმიანობა კი დაკავშირებულია ბიო წარმოებასთან, რადგანაც ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და მიღება დღეს უპრინციპულესი საკითხია.
FAO – ში გავლილი სტაჟირების შემდგომ უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ ჩემს არჩევანში, აღნიშნულმა სტაჟირებამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ვმუშაობდი პომიდვრის სადემონსტაციო ნაკვეთზე აჭარაში, სოფელ ქედაში, ძალიან კარგი ფერმერის ოჯახში. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ სტაჟირების პროგრამა პანდემიის პერიოდში გახორციელდა, რამაც საშუალება მისცა ადგილობრივ ფერმერებს შეენარჩუნებნათ და გაეზარდათ წარმოება და ეკონომიკური კრიზისისას მიეღოთ გაზრდილი შემოსავალი. ამჟამად ვარ ჩართული USAID ისა და Farmentor- ის ერთობრივ პროექტში ,, Fresh Herb ’’ , პროექტი ჯერჯერობით, მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში, თუმცა, კარანტინის დამთავრების შემდეგ იგეგმება საველე ნაკვეთებზე ებრაელ ექსპერტთა გუნდის მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით სადემონსტრაციო ნაკვეთის შექმნა და ასევე სხვა ღონისძიებათა გახორციელება.
ახალი გეგმები და ხელის შემშლელი ფაქტორები
სოფლის მეურნეობის კუთხით, როგორც ვთქვი, ვაპირებ მქონდეს ჩემი შიდამეურნეობა. წელს, ზამთარში ვაპირებ გავაშენო ძველი გურული ჯიშის ვაზი – ოცხანური საფერე, რომელიც უნიკალურია თავისი გემოვნური თვისებებით. ჯიშის სახელწოდება ოცხანური საფერე ამჟღავნებს მის სოფელ ოცხანასაგან (გურია) წარმოშობას, ხოლო საფერე მის დანიშნულებას, ის ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სხვადასხვა ღვინოის შესაფერად და ფერის გასაძლიერებლად. საბჭოეთის პერიოდმა ჯიში თითქმის მთლიანად ამოიღო გურიის მოხმარებიდან და ის ბევრად დაბალი ხარისხის ჯიშით ადესათი ჩანაცვლდა, რაც მისი მარტივი მოვლის თავისებურებებით იყო განპირობებული.
სამომავლოდ კი ვგეგმავ კივის ბაღის გაშენებას. გურია უნიკალური ადგილია კივის განსავითარებლად და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. ხელისშემშლელ ფაქტორებს რაც შეეხება ეს არის ინვესტიცია. დიდი სურვილი მაქვს, რომ პარალელურად ვაწარმოო ბოსტნეულის ჩითილები და გავაკეთო სანერგე მეურნეობა, რომელიც მოამარაგებს ფერმერებს რეგიონში, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებისას ძალიან მჭირდება მოტობლოკი, რათა უფრო გამარტივდეს ჩემი შრომა.
როგორ არიან ახალგაზრდები სოფლის მეურნეობაში ჩართული?!
გურულები, ზოგადად, აქტიური ხალხი ვართ, თუმცა, რეგიონი საკმაოდ ღარიბია და ახალგაზრდებისთვის და არამარტო ახალგაზრდებისთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად ამ გარემოებებისა, გურული ახალგაზრდები ბევრ საკითხში ძალიან წარმატებულები და კომპეტენტურები არიან, ახლახან იყო CENN – ის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა, სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს. ქვეყნის მთავარი პრობლემა ცენტრალიზებული პოლიტიკაა, ახალგაზრდები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით, ხშირ შემთხვევაში, დედაქალაქში მიდიან და განათლების მიღების შემდგომ უკან არ ბრუნდებიან, ეს მრავალმხრივი განხილვის თემაა და აქვს თავისი მიზეზ – შედეგები.
ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. დასაქმებული ახალგაზრდების სრული უმრავლესობა ან მომსახურების სექტორშია წარმოდგენილი ან თვითდასაქმებულია. ორივე სექტორი, როგორც წესი, განსაკუთრებით დაბალი ანაზღაურებით და ხშირ შემთხვევაში, შრომის მძიმე პირობებით გამოირჩევა. ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დასაქმების მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლება, რაც შემდგომ უზრუნველყოფს მათ ფინანსურ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ აუცილებელია არაფორმალური განათლება და განვითარება ისეთი უნარებისა, რომელიც პიროვნულად დაეხმარება ადამიანს და შესაძლებლობას მისცემს, უკეთესად რეალიზდეს და შექმნას უფრო ჯანსაღი სამუშაო გარემო.