ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უკვე იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ის წარმატებული თავმჯდომარე იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტში და ასევე წარმატებულად გააგრძელებს მუშაობას მეათე მოწვევის პარლამენტში. თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება. თავმჯდომარის მოადგილე ასევე იქნება კახაბერ კუჭავა, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო საკითხებზე მუშაობა იქნება. თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე დავით სერგეენკო იქნება. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას, გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვიქნები წარმოდგენილი ამ პოზიციაზე. ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება მამუკა მდინარაძე. გადავიდეთ კომიტეტებზე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ანრი ოხანაშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იქნება წარდგენილი მიხეილ სარჯველაძე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელძღვანელებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს უხელმძღვანელებს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს – ირაკლი კოვზანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს – დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს – ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს – მაია ბითაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს – ბექა ოდიშარია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს – თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ იქნება მიხეილ ყაველაშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი უკვე ცნობილია.