ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში კახა სალუქვაძის ოჯახი წლებია ჩიჩილაკს ამზადებს და შემდეგ ჰყიდის.
“გურია ნიუსი“ სალუქვაძეების ოჯახის წევრს ნინო კვირიკაშვილს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე სალუქვაძეების ოჯახს 1000 ჩიჩილაკი აქვთ დამზადებული და ემზადებიან გასაყიდად.
„30 წელია ვაკეთებ ჩიჩილაკს. ჩემი ოჯახი კი, დაახლოებით, 60 წელზე მეტია ამ საქმეს აკეთებს. მამამთილისგან ვისწავლე ჩიჩილაკის დამზადება. ოჯახში ყველამ ვიცით და ტრადიციას არ ვღალატობთ.
პანდემის დროს პრობლემა არის ჩიჩილაკების გაყიდვა. უფრო მეტად ოზურგეთში ვყიდით. საახალწლო დღეებში კი მოდიოდნენ ადამიანები 200-300 ცალს ყიდულობდნენ. შემდეგ ისინი ბათუმში და თბილისში ჰყიდნენ. წელს ასეთი მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა. 1000 ცალი ჩიჩილაკი გვაქვს დამზადებული და ველოდებით მყიდველს. ახლა კორონავირუსის დროს, რა და როგორ მოხდება, არავინ იცის. მიუხედავად პანდემიისაა, მაინც დავამზადეთ ჩიჩილაკები, მის გარეშე ახალი წელი, ვერ წარმომიდგენია?!“ _ გვითხრა ნინო კვირიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ჩიჩილაკის ფასი 2-3 ლარიდან იწყება და ყველაზე დიდი ფასი 20 ლარია.
საახალწლოდ გურიაში ჩიჩილაკი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია და მას ყველა ოჯახში შეხვდებით.