დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის.
უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას რეგისტრაცია გაიარა და ესწრება უმაღლესი საბჭოს 14 წევრი“, – ამ სიტყვებით გახსნა სხდომა დავით თედორაძემ და გააცნო დღის წესრიგი დეპუტატებს.
21-წევრიანი უმაღლეს საბჭოში გაერთიანებულ ოპოზიციას მხოლოდ 7 მანდატი შეხვდა. ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას.
ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არ შესვლა უმაღლეს საბჭოში ვერ დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს და ვერც სამართლებრივ პრობლემებს შექმნის.
„ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, გუშინ განაცხადა, ვის რა თანამდებობა შეხვდება უმაღლეს საბჭოში.
წყარო: “ბათუმელები”