ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც მიბმულია პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსება, ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო საქმიანობაა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალების ფერისა და სხვა გარემოებებისთვის პარტიას ფულს არავინ აძლევს. პარტია, რომ გახდა საპარლამენტო პარტია, ამიტომ იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. დაფინანსების სხვა კრიტერიუმი არ არსებობს. თუ პარტია მთავარი კრიტირიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს – არ ერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, თუნდაც, პოლიტიკური ბოიკოტის ფორმით, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს თუ არა დაფინანსება?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას სწორედ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისთვის იღებს, ის ხალხის ფულით არ უნდა დაფინანსდეს. თუ პოლიტიკური პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობს რამე ფორმით, თუნდაც, პოლიტიკური ბოიკოტით, მას დაფინანსება უნდა მიეცეს. ამ კანონის ამოქმედების ვადის შემდეგ, პარტიებს შეზღუდული არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავად განსაზღვრონ, ამ კანონის შესაბამისად მიიღებენ თუ არა დაფინანსებას. ანუ, პარტიას საშუალება ექნება, დაფინანსება მისი ქმედებიდან გამომდინარე მიიღოს, ან – არა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ პარტია გადაწყვეტს, რომ კანონის ამოქმედების მიუხედავად, პარლამენტის მუშაობაში რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა, „თუნდაც, ხუთი წუთით მაინც დაესწროს სხდომას, ასეთ შემთხვევაში მას დაფინანსება მიეცემა“.
„ამის განმსაზღვრელი თავად არის თავისი ქმედებით. პარტიას თავად შეუძლია, დაფინანსებაზე თავისი ბედი თავად განსაზღვროს. ოპოზიციას კითხვით მივმართავ – პარტიული დაფინანსება მხოლოდ ხმებზეა, თუ ხმების რაოდენობა განსაზღვრულია ფორმულით და პარტიული დაფინანსება იმ პარტიებს ეძლევათ, ვინც ბარიერი გადალახა და საპარლამენტო პარტიები გახდნენ? მანიპულაცია აქ არის – ხმები გამოიყენება მხოლოდ ფორმულის დასათვლელად. დაფინანსება იმ პარტიას რატომ არ ეძლევა, რომელმაც 10 ათასი ხმა მიიღო? იმიტომ არ ეძლევა, რომ ის ვერ გახდა საპარლამენტო პარტია.
ოპოზიცია სწორედ აქ იტყუება და სიმართლეს ცვლის. საპარლამენტო პარტიას დაფინანსება ფორმულის საშუალებით ეძლევა. ფორმულა დაფინანსების მიღების განმსაზღვრელი არ არის, დაფინანსების მიღების წყაროა ბარიერის გადალახვა, რომ საპარლამენტო პარტია გახდე. თუ ვინმე იტყვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებას ფორმულით აკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება შეცდომა და ტყუილი. თუ ვიტყვით, რომ პარტია როგორც კი საპარლამენტო ხდება, შემდეგ იღებს დაფინანსებას, ამ შემთხვევაში, ჩვენი ლოგიკა სწორია. კანონის დათქმაა, რომ პარტია დაფინანსებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საპარლამენტო პარტია ხდება. დანარჩენი კითხვები სამართლებრივად არარელევანტურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კობახიძის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.