საქველმოქმედო ასოციაცია გურიას ინფორმაციით, მათი ბენეფიციარები მონიკა ახვლედიანი და თამუნა ლურსმანაშვილი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
“საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას” ბენეფიციარები მონიკა ახვლედიანი და თამუნა ლურსმანაშვილი, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,, ივერია ბრილიანტის” გამარჯვებულები გახდნენ. ივერია ბრილიანტის ყველა გამარჯვებულმა მონაწილემ საკუთარი წარმატება უწმინდესს მიუძღვნა.
შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ რომელიც წელს კორონა ვირუსის გამო ონლაინ (ინტერნეტის საშუალებით) გაიმართა, დასრულდა და გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა. +18 წელი პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო, ხოლო მესამე ადგილი თამუნა ლურსმანაშვილმა მოიპოვა. ეს ადგილები უცხოელმა კონკურსანტებმაც გადაინაწილეს.
,,როგორც ყოველთვის, სასიამოვნო დასასრული აქვს „ივერია – ბრილიანტს“ – აღნიშნული ფესტივალის გამარჯვებულები და ნომინანტები საკუთარ წარმატებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უძღვნიან, ეს ყველაფერი 25 დეკემბერთან – მისი აღსაყრდების დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა, სწორედ ამ დღეს უნდა გამოცხადებულიყო გამარჯვებულთა ვინაობა.
საინტერესოდ გადანაწილდა გამარჯვებულთა ვინაობები. აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ყოველი თითქმის ქართველი გამარჯვებულის საპირწონედ თითო უცხოელია, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც ჟიურისგან მიცემული ხმები და იუთუბიზე ვიდეოების (სიმღერის) ნახვების რაოდენობა განსაზღვრავს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ვიდეოების ჩვენებათა რაოდენობა, ასევე არსებობს ჟიურისგან გამოგზავნილი მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ქულათა რაოდენობა. ასე რომ, ყოველგვარი მიკერძოებისა და დარღვევების გარეშე ჩატარდა ფესტივალი“, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
ფესტივალი, რომელიც 2020 წლის 13 ივლისს დაიწყო, რიგით მეხუთე იყო. ფესტივალში შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა – საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ფესტივალი-კონკურსი შედგებოდა სამი ძირითადი ეტაპისა და ფინალისაგან. საერთო ჯამში მონაწილეებს ათი სიმღერის მომზადება და ჩაწერა მოუხდათ. ფესტივალში გამარჯვებულები 2021 წელს გაემგზავრებიან მსგავს ფესტივალებზე – უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. ხოლო, პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვიდან გამომდინარე, უცხოელი გამარჯვებულებისთვის დაპირებული მომდევნო წლის ზამთარში, ბაკურიანში დასვენება და ღონისძიებები შეიცვალა 2021 წლის ზაფხულში, ურეკში არდადაგებითა და დიდი საერთაშორისო ფესტივალით და კონკურსით.
რაც შეეხება ჟიურის ვინაობას, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი – საქართველო, იურეკ ტურეკი – პოლონეთი, ციური მჭედლიშვილი – საქართველო, დუტა სხირტლაძე – საქართველო, არმენ ალავერდიანი – სომხეთი, ლუცია ტერბენი – რუმინეთი, გიორგი წერეთელი – საქართველო, ქეთი ლინჩიკი – საქართველო, დიმიტრი შვეცი – უკრაინა, აიდოღან თოპალი – თურქეთი, ირაკლი ტაბაღუა – საქართველო, ნუგზარ ჭიაბერაშვილი – საქართველო.
აღნიშნული ინფორმაცია აღებულია www.qelite.info -დან.“ – ავრცელებს ინფორმაციას საქველმოქმედო ასოციაცია “გურია“.