21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ რჩება სოფლები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. პანდემიის ფონზე შეცვლილი ცხოვრების სტილი კი ბავშვების ნაწილს განათლების გარეშე დარჩენით ემუქრება.
„გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებას სტუმრობდა.
შუა ამაღლებაში ძირითადი მაცხოვრებელი 944 კაცია. სოფელში ფუნქციონირებს სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, მმართველობა, 2 სასურსათო მაღაზია და ეკლესია.
უწყლობა და უგზოობა _ ეს ის საკითხებია, რაც შუა ამაღლების მაცხოვრებლებს აწუხებთ.
ადგილობრივი მაცხოვრებელი ვახტანგ ყაჭეიშვილი ამბობს, რომ მაცხოვრებლების უმეტესობას სახლში ჭა აქვს, მაგრამ როცა ზაფხულში წყალი შრება ან უამინდობის დროს იმღვრევა, მოსახლეობას წყალი ცენტრში მდებარე ონკანიდან მიაქვს.
„წყალის პრობლემაა. გრაფიკით მოდის. მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის მეც, ჭა გვაქვს. ზაფხულში როცა ჭა შრება ან ცუდი ამინდის შემდეგ ჭაში წყალი იმღვრევა, მაშინ წყალი აქედან მიგვაქვს“,_ გვეუბნება ბატონი ვახტანგი და აღნიშნავს, რომ სოფლისთვის გამოწვევად რჩება ახალგაზრდების დასაქმების საკითხი.
„ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან. რომ დაგჭირდეს მომხმარე კაცს ვერ ნახავ. ჩემი შვილებიც თბილისში არიან დაბინავებულები, სოფელში რა უნდა აკეთონ. საქმე არაფერია, ფულს ვერ შოულობენ. დასხდნენ და „ილოთაონ”?“ _ ამბობს ბატონი ვახტანგი.
სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, ქალბატონი მზია ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის სიდუხჭირეზე.
„მოსახლეობა პროდუქტების შეძენას ვერ ახერხებს. ფასი თანდათან ყველაფერზე იზრდება. ასანთი რომ ასანთია და ნათურა ნათურაა, იმათზეც კი მოიმატა ფასმა. ნისიების რვეული სავსეა. 17 000 ლარი მაქვს ნისია, რომ ხალხმა გამოიკვებოს. შვილი მყავს საზღვარგარეთ და იმისი გამოგზავნილი ფულით ვანულებ ამ ნისიებს, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან გავსწორდე. პირადად მე, ბანკის ვალი მახრჩობს“,_ გვეუბნება მაღაზიის გამყიდველი.
სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალბატონი, რომელმაც არც სახელი გაგვიმხილა და არც ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა, ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდების ბედზე წუხს. ის მიიჩნევს, რომ რაიმე სახის ზომებია მისაღები ახალგაზრდობის ჯანმრთელობის გადასარჩენად. კერძოდ კი, მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად მოხდეს მოსწავლეებში მარიხუანის მოხმარების აკრძალვა, რადგან მოზარდებს ჯანმრთელობა ერყევათ.
„რამე უნდა მოიფიქროს სახელმწიფომ ახალგაზრდობის გადასარჩენად. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დედა ვარ და ეს ნებისმიერი დედის გულისტკივილია. თუ სახელმწიფომ არ შეცვალა მარიხუანას მოხმარების კანონი კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ. ხიდიც აშენდება, გზაც დაიგება, მაგრამ ახალგაზრდა რომელიც მოიწამლება და ჯანმრთელობა შეერყევა, უშუალოდ გონებაზე და ტვინზე მოქმედებს, იმას არაფერი ეშველება. არ უნდა მისცე თავისუფლად მოწევის საშუალება. უნდა აიკრძალოს მოსწავლეებში მოხმარება. 15-16 წლის ბავშვები რომ ამას მოწევენ, იმას რაღა აზროვნება უნდა ქონდეს. ახლა მთავრობა და ოპოზიცია იმისთვის კი არ უნდა იბრძოდეს, პარლამენტში ვინ შევა, არამედ ქვეყანას უნდა უშველონ“.
სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი თამარ ელიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლის ძირითადი პრობლემა უწყლობა და გზაა. გარდა ამისა, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა უჭირთ, რადგან არსებობენ ოჯახები, რომლებიც ინტერნეტის ყიდვას ვერ ახერხებენ.
„პრობლემებს რა დალევს. ძირითადი პრობლემა წყალი და გზაა. პროექტები უკვე არის და იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას. ხშირად არ გამოვდივართ სახლიდან. პირბადით დავდივართ, თავშეყრის ადგილებს ვერიდებით. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება უჭირთ. ინტერნეტი არაა. ძალიან ბევრია ღარიბი ბავშვი, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტის ყიდვას“,_ გვეუბნება ელიაშვილი.
როდის მოგვარდება სოფლად გზასთან და უწყლობასთან დაკავშირებული პრობლემა. იგეგმება თუ არა სოფელში ინტერნეტის შესვლა_ ამ საკითხების შესახებ „გურია ნიუსი“ მერის წარმომადგენელს შუა ამაღლებაში, ბელა შათირიშვილს ესაუბრა.
შათირიშვილის თქმით, წყალი სოფლის მოსახლეობის 50%-ს მიეწოდება, პრობლემის მოსაგვარებლად კი ძირითადი მაგისტრალის გასაკეთებლად დიდი თანხაა საჭირო.
რაც შეეხება გზაზე არსებულ მდგომარეობას, მერის წარმომადგენლის თქმით, გზაზე გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა, გაკეთება მომდევნო წელს იგეგმა. პრობლემების მოსაგვარებლად პროექტები შემუშავებულია, მაგრამ მათი დაწყების ზუსტ თარიღს მერის წარმომადგენელი ვერ ასახელებს.
„მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს მიეწოდება წყალი, აქვს საკუთარი წყლის რესურსი, ჭა. მაგრამ ძირითად მაგისტრალს, საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროება. ამ პროექტზე მუშაობა დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ მალე რამეს შევძლებთ. ვნახოთ, ვინ იქნება დონორი ორგანიზაცია.
რაც შეეხება გზას, გზები არის გავლადი და არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ გადაადგილება არ შეიძლებოდეს. გზის გაკეთება 2021 წელს უნდა დაიწყოს. კეთდება ევროკავშირის ფონდის დახმარებით, მაგრამ ვერ გეტყვით სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს. შეიძლება დაიწყოს თებერვალში ან ივნისში.
ამ მომენტისთვის „ნიუნეტს“ აქვს მოგებული ტენდერი, რომელიც სავარაუდოდ ფიჭურ ინტერნეტს შეიყვანს სკოლაში. შემდგომ შეიძლება ითვალისწინებდეს ინტერნეტის მოსახლეობაშიც შეყვანას, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია თუ როდისთვის გახორციელდება“,_ გვითხრა შათირიშვილმა.