ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება.
დღეს დილიდან წინაასაახალწლო ბაზრობა გაიმართა ჩოხატაურში, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა ხალხმა საკუთარი ოჯახიდან ნობათი თუ შინაური ფრინველი გამოიყვანა გასაყიდად ახალი წლის სათანადოდ დახვედრის მიზნით.
„გურია ნიუსი“ ბაზარს სტუმრობდა, სადაც იმაზე ნაკლები ხალხი შეინიშნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ ბაზრობის დღეს.
გამყიდვლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას დღევანდელი ბაზრობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ამიტომაც არ მივიდნენ.
ხორცის ფასი საშუალოდ 20 ლარია, 20-25 ლარად იყიდება ასევე გასაყიდად გამოყვანილი ქათამი, გაორმაგებულია ფასი ზეთზე, ინდაურს კი დღეს 70-75 ლარად თუ შეიძენდი.
ჩვენ ვცადეთ გარკვევა თუ რა განწყობით ხვდებიან ჩოხატაურის მაცხოვრებლები ახალ წელს.
როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, მყიდველია თუ გამყიდველი_ ყველას უფულობა აწუხებს და წინასაახალწლოდ ადამიანების უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა.
„შიმშილით ვკვდებით. 2 მამალი წამოვიყვანე გასაყიდად, 20 ლარად ვყიდი და ვერ გავყიდე. ბაზარში ხალხი არაა, ფული არაა.. რა უნდა ვჭამოთ? პენსია მაქვს, მაგრამ 5-სულიან ოჯახს არ გვყოფნის. ხალხი გაჭირვებულია. ხორცი 20 ლარი ღირს კილო, რით გინდა იყიდო, შაქრის ყიდვა მინდოდა და იმას ვერ ვყიდულობ. მოსახლეობას დახმარება სჭირდება. დეპუტატს რომ ვირჩევდით, რამდენი დაპირება მოგვცეს და რაა გაკეთებული?“_ გვითხრა ქალბატონმა ელიკომ, რომელიც ჩოხატაურში, წინასაახალწლოდ გამართულ ბაზრობაზე ზომლეთიდან ჩამოვიდა.
„ახალ წელს ჩვეულებრივად ვხვდები. ყველაფერ კარგს ველოდები მომავალ წლიდან, კორონავირუსის დამარცხებას. ძნელია იმის თქმა თუ რა დავხარჯე საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად. გასულ წლებში შედარებით ნაკლებ თანხას ვხარჯავდი და მეტი პროდუქტს ვიძენდი, წელს პირიქითაა,“_ გვითხრა ბატონმა შოთამ.
„ახალ წელს კარგი განწყობით ვხვდები. პროდუქტებზე ფასი გაძვირებულია. მაგალითად, ლობიო 6-7 ლარი ღირს. ალბათ დღევანდელი ბაზრობის შესახებ არ იცოდა ხალხმა და შედარებით ნაკლები ადამიანია მოსული პროდუქტების შესაძენად, ვიდრე კვირას იყო. ძირითადად სოფლის ხალხს შესაძენი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ქათამია, ნიგოზი თუ ინდაური ოჯახში გვაქვს. სოფლის ხალხისთვის არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვართ, როგორც ვიყავით“,_ ამბობს მერი ირემაძე.
„ფასებია მომატებული. ვერაფერს ვყიდულობთ. ყოველ კვირას თითო პროდუქტს 2-3 ლარი ემატება. ლობიომ ლარი მოიმატა, ზეთის ფასი გაორმაგდა, 15 ღირდა და 32 ლარია ახლა, შაქარი ისევ 2 ლარი ღირს კგ“,_ გვითხრა ვალოდიამ.
„ფული რომ არ გაქვს, როგორ უნდა შეხვდე ახალ წელს? ქათმის საყიდლად მანდარინი გამოვიტანე, მაგრამ ვერ ვყიდი და ქათამი რით ვიყიდო?
მანდარინს – 2ლარს ვაფასებ და იძულებული ვარ ლარად გავყიდო. კვახი- 5 ლარი რომ ვთქვი, ქალმა მეხვეწა 3 ლარად მომეციო. პენსია წამლებში არ მყოფნის. რა გავაკეთო? ახალ წელს სტუმარს ყავას, პეჩენიას და კანფეტს რომ ვერ შესთავაზებ, როგორი ახალი წელია? პენსია 250 ლარი მაქვს, წამალი ვიყიდო თუ საკვები? ხმა მოგვეციო არჩევნებზე იხვეწებიან და მერე ყურადღებას არავინ გვაქცევს. ტელევიზორს ყველა ვუყურებთ. 2 000 ლარი საათში რომ მივცე და 1000 ლარი ფეხსაცმელში, ალბათ ინფაქტი მომივა. 17 ლარი ხორცი ღირს და იმას ვერ ვყიდულობ“,_ გვითხა ქალბატონმა ნელიმ, რომელიც ბაზრობაზე ხიდისთავიდან მივიდა.
„არანაირი საშუალება არ მაქვს ისეთი, რომ რაღაც-რაღაცები გავამზადო. მეორად ტანსაცმელს ვყიდი ძალიან დაბალ ფასად, რომ ცოტა რამე ვიყიდო, მაგრამ ხალხს ამის ყიდვის საშუალებაც არ აქვს. ყველა ფიქრობს რით გამოიკვებოს და საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებენ“,_ გვითხრა ხათუნა სიხარულიძემ.
ჩვენ ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორს, თამაზ ბერიძესაც ვესაუბრეთ.
„ისეთი განწყობით არ ვხვდები ახალ წელს როგორც ადრე. იმიტომ რომ მიმდინარე მდგომარეობა კოვიდის გამო ძალიან დაძაბულია. ხალხს უჭირს ყველანაირად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი ახალი წელი გამოასწორებს ვითარებას ხალხის კეთილდღეობისკენ“,_ გვითხრა თამაზ ბერიძემ.