როცა გარშემომყოფთა დიდი ნაწილი ბედნიერ განწყობაზეა და ახალი წლის შესახვედრად ემზადება, არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველივე სულაც არ აბედნიერებთ, უფრო მეტიც, ეს სტრესისა და დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დეკემბერი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე რთული თვეა ოჯახური კონფლიქტების თვალსაზრისით. თუ გაზაფხულზე ადამიანები მუდამ სიყვარულის განწყობაზე არიან და ყველაზე არარომანტიკულებიც კი პოულობენ საკუთარ თავში მცირე რომანტიზმს, დეკემბერში ყველაფერი პირიქითაა. იმატებს ნეგატიური განწყობა, კონფლიქტები და თავს იჩენს დეპრესია.
შესაძლოა, ვიღაცისთვის ბევრი ბედნიერი სახის დანახვაც კი დეპრესიის მიზეზი იყოს. ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, ყველაზე მეტად სურთ ხოლმე გვერდით რომანტიკული პარტნიორი და თუ ასეთი პარტნიორი არ არსებობს, ესეც დეპრესიის მიზეზი ხდება.
ყველაზე ხშირად კი, დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ის ქაოსია, რომელიც დღესასწაულს თითქმის ყველა სახლში მოაქვს. ოჯახური წვეულებები, ხმაური, სამზადისი – ვიღაცებს საერთოდ არ აბედნიერებთ.
ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ახალი წლის დეპრესიასთან გამკლავებას შეძლებთ.
ნუ შეადარებთ საკუთარი ოჯახის სადღესასწაულო სამზადისს სხვებს – ყველა ოჯახს თავისი განსაკუთრებული ტრადიცია აქვს. შესაძლოა, ვიღაცას თქვენს ნაძვის ხეზე უფრო დიდი ნაძვის ხე აქვს, ან უფრო შთამბეჭდავად აქვს სახლი მორთული. ეცადეთ, იყოთ ბედნიერები იმით, რაც გაქვთ და არ მოიწყინოთ.
იზრუნეთ საკუთარ თავზე – გვჯერა, რომ ახალ წელს, ორი, ან სამი დღით მაინც დაისვენებთ სამსახურის საქმეებისგან. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ისეირნეთ, წადით სადმე განტვირთის მიზნით. თუ სახლში ქაოსი გაღიზიანებთ, განმარტოვდით და საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მიეცით.
ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს – შესაძლოა, ახალი წლის დეპრესიაზე უფრო რთულად იყოს საქმე. თუ მოწყენილობას ვერაფრით იშორებთ, თუ გამუდმებით ცუდ ხასიათზე ხართ მაშინაც კი, როცა ახალი წლის დღეები ჩაივლის, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.