“უსახლკარო ცხოველებს რაც არ უნდა ვუპატრონოთ, პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ არ გავასტერილებთ და კასტრაცია არ ჩაუტარდათ. ერთი ქუჩის ძაღლისგან გამრავლებით კიდევ ახალი უსახლკარო ლეკვები ჩნდებიან _ ასე წრეზე ვივლით.
ყველა ძაღლი, რომელიც ხელში ჩამივარდება, ვასტერილებ _ სხვა გამოსავალი არ არის. ჯიშიან ძაღლებსაც ვასტერილებ. ასეთები ბევრია ახლა ქუჩაში, კატასტროფა ხდება.
ჩემი აზრით, 5-10 წლის განმავლობაში უნდა აიკრძალოს ჯიშიანი ძაღლების გამრავლება„, _ ყვება ტასო ლოსაბერიძე.
ტასო 18 წლისაა და უკვე წლებია, ცხოველების გადასარჩენად იბრძვის. ძაღლების სიყვარული და მოვლა დედამ ასწავლა. ახლა ერთიანი ძალებით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უსახლკარო ცხოველი შეიფარონ და როგორც ტასო ამბობს, მათი რიცხვი წლებთან ერთად იზრდება. თუმცა, მისივე თქმით, არ არსებობს კანონი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს დაიცავს.
„ყველას, ვისაც ძაღლის აყვანის სურვილი აქვს, ავტომატურად ეძლევა ამისი უფლება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება ასე _ სპეციალური ლიცენზიის გარეშე ძაღლის აყვანის უფლება არ აქვთ.
კანონი უნდა არეგულირებდეს, ვის აქვს გაყიდვის უფლება, ვის აქვს გამრავლების უფლება და ა.შ. სანამ შესაბამისი კანონი არ შემუშავდება, მანამდე იქნება ეს სიტუაცია _ 5 გადარჩენილი ძაღლი, 10 მკვდარი ძაღლი.
თბილისში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მდგომარეობაა. ქალაქიდან როგორც კი გადიხარ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი განადგურებული ცხოველი ყრია. მათი გადარჩენა სახელმწიფოს მოვალეობაში არ შედის სამწუხაროდ, კეთილი ნებით თუ წამოიყვანს ვინმე.
ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვისაც ცუდია_ ტურისტი მარტო ხინკლით და ხაჭაპურით არ იხიბლება. გზაზე მომაკვდავი ცხოველები რომ ყრია, სასიამოვნო სანახავი არაა.
კორონავირუსის გამო რესტორნები და კვების ობიექტები რომ დაიხურა, უსახლკარო ცხოველები საჭმლის გარეშე დარჩნენ.
პანდემიის დაწყების შემდეგ მოსახლეობა უფრო ყურადღებიანი გახდა ასეთი ცხოველების მიმართ, თუმცა, პრობლემა ის არის რომ, ვერ ვხედავთ ყველა გადასარჩენს და ვერ ვწვდებით ამდენს რამდენიმე ადამიანი“, _ ამბობს ტასო ლოსაბერიძე.
ტასოს დღესაც უამრავი ძაღლი ყავს შეფარებული, რომლებსაც მკურნალობს და ცდილობს გადაარჩინოს.