14 იანვრის, მეორე საიმპიჩმენტო კენჭისყრა ამერიკის უახლესი ისტორიისთვის უპრეცედენტოა _ აშშ-ს მოქმედი პრეიზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი ლიდერია, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე კარიერა იმპიჩმენტით დაიწყო და იმპიჩმენტით დაასრულა.
2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა თეთრი სახლის ლიდერი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა _ 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.
წლევენადელი ისტორიული სხდომისა და ხმის მიცემის უსაფრთხოებას პოლიციისა და ეროვნული გვარდიის უჩვეული რაოდენობა 24 საათის განმავლობაში იცავდა.
6 იანვრის სისხლიანი ამბოხით შეურაცხყოფილმა ამერიკულმა პოლიტ-ელიტამ, 45-ე პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა, იმიტომ, რომ მან ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის 200 წლიანი ტრადიცია დაარღვია და მის მიერ მხარდაჭერილ ამბოხს 4 სამოქალაქო პირი და ერთი ოფიცერი ემსხვერპლა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 197 – წინააღმდეგ წავიდა. ტრამპის წინააღმდეგ ხმა მისცა მისივე რესპუბლიკური პარტიის 10-მა კონგრესმენმაც. მათ შორის არის საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ადამ კინზინგერი, რომელიც 45-ე პრეზიდენტის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელიც კონგრესის წარომადგენელთა პალატამ 11 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც დონალდ ტრამპს ბრალი ,,ამბოხის წაქეზებაში“ ედება.
როგორც „დემოკრატი“ კონგრესმენები აცხადებენ, დონალდ ტრამპმა თავისი საქციელით აშშ-ის კონგრესთან არეულობა წააქეზა და ცხადყო, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიასა და კონსტიტუციისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას თანამდებობაზე დარჩენის საშუალება მიეცემა.
ახლა კი, იმპიჩმენტის პროცედურა სენატში უნდა დასრულდეს, სადაც ტრამპის გადაყენებას მხარი 2/3-მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრამდე სენატში გაიმართება სასამართლო პროცესიც.
კონგრესის ზედა პალატა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს შეიკრიბება, თუმცა, სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა ლიდერი მიჩ მაკკონოლმა, უარი განაცხადა სენატის მოწვევაზე. ეს კი ნიშნავს, რომ იმპიჩმენტის პროცესის საკითხის განხილვა, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვერ მოესწრება. მაგრამ რაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს, სენატს შეეძლება იმპიჩმენტის პროცესი გააგრძელოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. როგორც ცნობილია მან უკვე გამოთქვა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.
ასევე, მას, საჯარო თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალება და კანონმდებლებმა შესაძლოა, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც მოითხოვენ.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ _ დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.
შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია გახორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.