ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურის _ “ნატანები _ 3” მშენებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ონლაინ დისკუსია, სადაც მომხსენებლები იყვნენ გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკოს” დამფუძნებელი ირმა გორდელაძე, შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის” წარმომადგენელი გიორგი მარგებაძე, შპს “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელი ჯუღული ახვლედიანი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” იურისტი ანა ბერძენიშვილი.
დისკუსიის ორგანიზატორი იყო “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების” ქსელის ოზურგეთის ოფისი.
ამავე ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა გრიგოლ მახარაძემ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ჰიდროელექტროსადგურ “ნატანები _ 3″-” მშენებლობას შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენი” განახორციელებს. მშენებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამინისტროს მიერ უკვე ჩატარებულია სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები.
მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდა, რასაც ადგილობრივი გარემოს დამცველები აპროტესტებდნენ.
ამ შეხვედრის შემდეგ, დაიგეგმა ეს საჯარო დისკუსია, რომელიც ონლაინ პლატფორმა “ზუმის” მეშვეობით შედგა.
ირმა გორდელაძის თქმით, მცირე ჰესების მშენებლობა გურიაში მიუღებელია:
“დიდ და პატარა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი დიდია. როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია. ასევე, აუცილებელია გარემოს ზემოქმედების ანგარიშის გაცნობა ოზურგეთელებისთვის და არა ონლაინშეხვედრა, რომელიც ამ ბოლო დროს ტარდება.
მსგავსი მშენებლობის დროს ყველაფერი გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს. ამიტომ ვითხოვთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს მსგავს შეხვედრებს, რადგან მოსახლეობამ იცოდეს, რა და როგორ ხდება. ხშირად მეუბნებიან, რომ მე ვარ მხარე, არ მინდა ქვეყნის შენება, არ მინდა ჰესები, არ მინდა ქვა-ღორღის მოპოვება და ა. შ. ამ სიტყვებს მხოლოდ მე არ მეუბნებიან _ ყველა იმ ადამიანს მიმართავენ, ვინც გარემოს დაცვით არის დაკავებულები. ჩვენ ყველაფერი გვინდა, ჩვენ არ ვართ “ბნელეთის მოციქულები”, მაგრამ გვინდა ყველაფერი კარგი და როდესაც იგეგმება ჰესების მშენებლობა, უნდა მოხდეს გარემოს შესწავლა, დეტალურად მოხდეს ხალხის ინფორმირება. ისე უნდა მოხდეს, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და ეკოსისტემას. ამ ეკოსისტემაში ვცხოვრობთ ჩვენ და ცხოვრობენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა.
რატომ ვეწინააღმდეგებით გურიაში ჰესების მშენებლობას?! იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ გურიის განვითარებას და მომავალს სხვა ჭრილში. ეს ჭრილი არის სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარება”, _ თქვა გორდელაძემ, რომლის თქმით, გურიის მდინარეების პოტენციალი უკვე ათვისებულია და უპრიანი იქნებოდა, კომუნისტების დროს აშენებული ჰესების რეაბილიტაცია და მათი გამოყენება, ვიდრე ახალი, მცირე ჰესების მშენებლობა.
გიორგი მარგებაძე თავის მოხსენებაში უფრო მეტად ირმა გორდელაძეს პასუხობდა:
“მინდა, ხის მოჭრაზე გესაუბროთ, ნატანების პროექტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ახალი სქემაა. მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 4 წლის წინ ერთ კომპანიას უნდოდა ამ ჰესის მშენებლობა, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად განსხვავებული სქემა _ გვირაბს უნდა გაევლო ხეობის წელზე და შემდეგ უნდა მომხდარიყო მილსადენით სატურბინე შენობაზე წყლის მიწოდება, რის გამოც, დაახლოებით, 1 100 კუბური მეტრი ხე უნდა მოჭრილიყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა სქემა შევცვალეთ და მდინარის კალაპოტში ვაპირებთ მშენებლობას, კალაპოტიდან დაახლოებით 10 მეტრში და მოსაჭრელი 1 100 კუბური მეტრი ხე დავიყვანეთ 395 კუბურ მეტრამდე. ხის მოჭრის ამაზე მცირე რაოდენობა, უბრალოდ, აღარ არსებობს, რადგან მდინარეში მშენებლობა ჯერ არავის განუხორციელებია. ფაქტობრივად, 5-6-ჯერ შევამცირეთ ხის ჭრა. რაც მთავარია, მდინარის კალაპოტში წითელი ნუსხის ხეების ზრდა ნაკლებია და მისი დანაკარგიც, დაახლოებით, 20 კუბურ მეტრამდეა.
კარგად რომ აგიხსნათ, სოფლებში ვაკიჯვარსა და ფამფალეთში ცხოვრობს 500 კომლი. საბედნიეროდ, გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია და მალე გაზიც იქნება, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმოიდგინეთ, ეს 500 კომლი როგორ თბებოდა _ ყიდულობდნენ 4 კუბური მეტრი ხის მოჭრის ბილეთს და თითო ოჯახი 4 კუბურ მეტრ ხეს ჭრიდა, ანუ 2 000 კუბური მეტრი ხე იჭრებოდა გათბობის მიზნით. სამწუხაროდ, არავის ახსოვს, გარემოს რომელიმე დამცველს ან ეკოლოგს ამაზე ხმა ამოეღოს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოჭრილი ხეები მოსახლეობაში დავარიგოთ.
რაც შეეხება კაშხალს _ ნატანები არის საშუალო ჰიდროელექტროსადგური. კაშხლის სათავე ნაგებობას ჩვენ არ ვაშენებთ, ეს იქნება წყალმიმღები, რომელიც სიმაღლეში იქნება, დაახლოებით, 4.5 მეტრამდე სიმაღლის და 1400 კუბური მეტრი წყლის შეტბორვა მოხდება. თუ სასწაული მოხდა და სათავე ნაგებობას რაღაც დაემართება, ვაკიჯვრამდეც ვერ ჩააღწევს წყლის ის რაოდენობა, რომელიც წამოვა.
მინდა შევეხო ჰიდროლოგიურ ნაწილს, თითქოს, მდინარე იმარხება და თითქოს წყალი მიგვაქვს სადღაც, ვაქრობთ. ერთი ასეთი საკითხი გქონდათ თქვენ _ კაშხალს აშენებთ, რომელიც დაინგრევა და წალეკავს ვაკიჯვარსო.
ჩვენ ჰესისთვის არ გვჭირდებოდა, არც არავინ გვავალდებულებდა, მაგრამ დამატებით გავიღეთ ხარჯი და მდინარის შენაკადები შევისწავლეთ. საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ ამაში. ეს დოკუმენტები გვაქვს. ისიც გითხარით, რომ თუ თქვენ არ გყოფნით ცოდნა, რომ შეისწავლოთ საკითხი და კითხვები დასვათ, აიყვანეთ ადამიანი, ვისაც ეცოდინება, გააკეთებს ამის ანალიზს და თუ ექნება რამე შენიშვნები, გვითხარით-მექი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ეს შემოთავაზება ისევ ძალაშია.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, ახალი რეგულაცია არის შემოსული _ მშენებლობის დაწყების პროცესში უნდა დადგეს წყალმზომები, რითაც წყალს დააკვირდებიან. მშენებლობის დასრულების შემდეგაც დგას ეს წყალმზომები, რომლებიც ავტომატურად აგზავნის მონაცემებს ბაზაში და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ეკოსისტემას, ან თუნდაც თევზს რაიმე პრობლემას უქმნის, ეკოლოგიური ხარჯი შეიძლება გაიზარდოს.
ფაქტობრივად, დოკუმენტალურად გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი დადასტურებული და ერთი წელია, კვლევებს ვატარებთ.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ ახლა ამ პანდემიის პირობებშიო, მე ვამაყობ, რომ ახლა, როცა ელექტროენერგია გაძვირდა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში, რომ ამ პანდემიის პირობებში ვახერხებთ დამატებით ინვესტიცია შემოვიტანოთ და დამატებითი ელექტროენერგიის წყაროები შევქმნათ საქართველოში. ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ პანდემიის დროს, ქვეყანაში სადაც უმუშევრობაა, დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება 150 კაცისთვის”, _ თქვა გიორგი მარგებაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, როდესაც საუბარია “ნატანების _ 3” ჰესის მშენებლობაზე, ის წინადადებები, რომელიც კომპანიის მხრიდან მოდის და საერთოდ, რომელიც უკავშირდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების გახორციელებას, დასაქმებას, ბიუჯეტში თანხების შეტანას, ელექტრო დამოკიდებულებას, მოქალაქეებისთვის არის ძალიან მომხიბვლელი და ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი:
“ამ საკითხებზე საუბრის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია იყოს მათთვის გასაგებ ენაზე ახსნილი. იცოდნენ, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნიათ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის გახორციელების დროს მათი უფლებები იქნება დარღვეული. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინტერესი და მეორე მხრივ _ მოქალაქეების კერძო ინტერესი, როგორიც არის საკუთრების უფლება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება და სხვადასხვა სახის უფლებები“, _ აღნიშნა საუბრის დროს ანა ბერძენიშვილმა.
შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფეისბუქზე კი 240-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ გურიისთვის მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია, მეორე მხარე კი ამბობს, რომ მსგავსი პროექტებით გარემოს განადგურება ემუქრება:
ლადი დოლიძე: “მე ამ სოფლის მკვიდრი ვარ და არ ვარ ამ ჰესის მშენებლობის მომხრე. სინამდვილეში, სამი ჰესის პროექტი აქვთ ამ პატარა მდინარეზე. ეს სოფელი კურორტია, უნიკალური ხეობა აქვს ქორბუდის ტყით, სადაც ბინადრობენ “წითელ წიგნში” შეტანილი ცხოველები. ჰესის აშენების შემთხვევაში, არც თევზი იარსებებს და არც ის ნადირი. ფაქტობრივად, მდინარე იმარხება, უნდა გაიჩეხოს ჰექტრობით ტყე. ამ ხეობას იცავდნენ ჩვენი წინაპრები და დღემდე იმიტომ არის შენარჩუნებული. ამ ხეობაში არ შესულა სამანქანო გზა, ამიტომ, არანაირი დროებითი მატერიალური სარგებელი არ ღირს ამ ყველაფრის განადგურების ფასად. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დანარჩენი, ვაკიჯვრელებო, თქვენ განსაჯეთ”.
გიორგი დოლიძე: “თუ ამდენი ფული გაქვთ, აიღეთ მიწა და დადგით მზის პანელები. 9 მეგავატის მიღებას სჭირდება სადღაც 10 ჰექტარი, მზე კი სულ არის საქართველოში. რა დროს მდინარის ჰესებია 21 საუკუნეში?! მაინცდამაინც უნდა გაანადგუროთ ყველაფერი?!
არა ჰესებს, არა გურიის მდინარეების დანგრევას, არა ფლორისა და ფაუნის განადგურებას! საქართველოს არ სჭირდება ამდენი ჰესები, ეს არის გამოგონილი ტყუილი, რომ ვიღაც პირებმა ფული ჩაიდონ ჯიბეში”.
სალომე სოხაძე: “ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოსთვის! ამ ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის!”
დავით აბსანიძე: “ნუ ებრძვით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას!!!”
“გურია ნიუსი” დააკვირდება სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობის საკითხს და აუცილებლად მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას.