ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ისევე, როგორც გურიის სოფლების უმეტესობაში, პრობლემები უხვადაა. ბუკნარში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა “გურია ნიუსთან” საუბრობს და მესიჯს უგზავნის ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიიქციონ.
“გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. არ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბუკნარში გზა რომ არაა? პირადად მე არ მიმიმართავს ამ მოთხოვნებით, მაგრამ თვითონ ვერ ხედავენ?!” _ გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელსაც სახელისა და გვარის გამხელა არ სურს.
სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები “გურია ნიუსთან” საუბრისას უგზოობასა და უწყლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“დაგვპირდნენ, რომ არჩევნებამდე გზას გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ორი გზა გვაქვს და არც ერთი არ ვარგა. ბუკნარის ცენტრი ასეთი უნდა იყოს? ქვენობანში გაზი შესულა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არაა. თუ ჭა არ აქვს ოჯახს ეზოში, ესე იგი, არც სასმელი წყალი აქვს. ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!” _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი.
ბუკნარის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველი, ტარიელ დოლიძე ამბობს, რომ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს. პროდუქტის გაცემა მეზობლებზე ნისიად უხდება, რომლებიც ვალს ძლივს იხდიან:
“ამ პანდემიის ფონზე, ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა _ ფული არ აქვთ, მაღაზიაში რომ რამე იყიდონ. ფასი ყველაფერზე გაიზარდა. თუნდაც, მინერალურ წყალზე _ მისი საბითუმო ფასი 80 თეთრი იყო და ლარზე ავიდა.
ნისიად თუ არ მიეცი მეზობელს პროდუქტი, რას იზამ?! გადახდა კიდევ უფრო უჭირთ. წლების განმავლობაში შევსებული ნისიების რვეული მაქვს”, _ გვეუბნება ტარიელ დოლიძე.
როდის ექნება მოსახლეობას გაზი, როდის გაკეთდება გზა და როდის იქნება სოფელში წყალი _ ამ კითხვებით “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ოჯახებიც გამრიცხველიანებულია და ამჟამად მოსახლეობისთვის გაზის მისაწოდებლად საჭირო მოლაპარაკებები მიმდინარეობს:
“ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ყველა ოჯახი გამრიცხველიანებულია. მიმდინარეობს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიასა და ინვესტორ კომპანია “სოკარს” შორის, ქსელის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ მოლაპარაკება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის”, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება უგზოობის პრობლემას, მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება:
“რაც შეეხება გზას, დასრულდა გზის მოასფალტების პროექტირება, ცენტრალური გზიდან ე. წ. “მეურნეობის” გავლით, სოფლის ცენტრამდე. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება”, _ გვითხრეს მერიაში.