აჭარაში, 1-ლი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა.
„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს.
„დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.
„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
მისივე განცხადებით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების პროტოკოლები.