ინგლისის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ვერ მიიღო მხარდაჭერა კლუბის ხელმძღვანელობისგან, როცა მათ დაცვის ცენტრის გაძლიერება თხოვა.
„მე არ ვარ ხუთი წლის ბიჭი და თუ ვერ მივიღებ იმას, რაც მსურს, ამის გამო ტირილს არ დავიწყებ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვერ ვიღებდი იმას, რაც მინდოდა, ამიტომაც, დიდწილად ამას შეჩვეული ვარ. ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრალურ მცველზე და დიახ, ასეთი ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე განვიხილავთ სიტუაციას და მე გავცემ რეკომენდაციებს. მაგრამ მე ფულის ხარჯვა არ შემიძლია. მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებებს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, _ მოჰყავს კლოპის სიტყვები გაზეთ „მირორს“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ ძირითადმა ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერლიგის მეხუთე ტურში გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები. ოქტომბრის დასაწყისში 29 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გადაიტანა ოპერაცია. სეზონის მსვლელობისას, „ლივერპულმა“ ასევე დაკარგა დაცვის ხაზის მთელი რიგი მოთამაშეები.
ამის შემდეგ „ლივერპულმა“ ჩემპინატში პირველი ადგილი დაკარგა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ყველაზე დიდი სირცხვილი წლევანდელ სეზონში კი გუნდმა გუშინწინ იწვნია, როცა აუტსაიდერ „ბარნლისთან“ საკუთარ მოედანზე წააგო.