„გირჩი _ მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზად არის რევოლუციისთვის, რომელიც იქნება უსისხლო და “ოცნების” ხელისუფლება ძალაუფლებას დათმობს.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ძალა, რადგან მმართველი გუნდი “ყველაფერზე წამსვლელია” _ ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში _ გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.
“მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებითა და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ, ზოგადად, კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე, კი რა თქმა უნდა“, _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ
გადაცემის წამყვანის, თამარ ბაღაშვილის კითხვაზე, “ამ განცხადებისთვის შეიძლება თქვენც დაგიბარონ პროკურატურაში”, ჯაფარიძემ კითხვის პასუხად თქვა, რომ “არაუშავს”.
“უფ, არაუშავს. ხო მაგრამ სიმართლეა, მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას ეს ძალაუფლება წავართვა… რა პრობლემაა რევოლუციასთან. სისხლის არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ“, _ ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.