მაშინ, როცა ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს და არც თუ იშვიათად, უადგილობის გამო, ავადმყოფებისთვის სტაციონალური მკურნალობა ხელმისაწვდომი არაა, ირკვევა, რომ ლანჩხუთში ე.წ. „ძველი საავადმყოფო“ იხურება.
ამის თაობაზე ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის უშუალოდ ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი.
„ყველაფერი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო…
პირველად შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მხოლოდ ერთმანეთის და პაციენტების სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულით, თითქმის ანაზღაურების გარეშე და ეს გრძელდებოდა წლები, თვეები, დღეები…
ითმენდნენ ყველაფერს…
ერთმანეთის სიხარულს და მწუხარებას იზიარებდნენ და საღამოს სახლში, ფულის ნაცვლად, პაციენტების და კოლეგების სიხარულები და მწუხარებები მიჰქონდათ.
პანდემიისა თუ ეპიდემიის პირობებში, სრულიად დაუცველები, ზოგჯერ საკუთარი ინფიცირების ხარჯზე, სულს უბერავდნენ და აცოცხლებდნენ კლინიკას, პაციენტებს…
ეს არ იყო მხოლოდ მუშაობის სურვილი. ეს იყო სურვილი, რომ არ დასრულებულიყო ის დიდი ისტორია, რასაც ,,ძველი საავადმყოფო” ჰქვია; ისტორია, რომელიც ინახავს მოგონებებს თაობებზე…
ჩემთვისაც არ არის ეს შენობა,უბრალოდ, ნაძვებში მდგარი ბავშვობის მოგონება, სადაც ჩემი და უამრავი ჩემი ახლობლის სიცოცხლე დაიწყო ან გადარჩა. ჩემთვის ეს შენობა ბრძოლის და მოთმინების სიმბოლოა, სადაც ყველას დევიზი ქართული ანდაზა _ ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებს” იყო.
და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც სწავლით და მუშაობით, ბრძოლით და არ დანებებით, თუნდაც სიბერეს მიტანებული ექიმი, სახლში ბედნიერი წავა იმის იმედით, რომ შვილიშვილებს რაღაც ღირებული, დიდი ისტორიის ნაწილი შემოუნახა და ამისთვის ღირდა ბრძოლა და მოთმინება.
ეს ,,ძველი საავადმყოფოა” და ჩვენ ის გვჭირდება!“ _ წერს სოციალურ ქსელში თეონა ქურიძე, რითაც კლინიკის სხვა თანამშრომელთა გულისტკივილსაც გამოხატავს.
აღნიშნულ პრობლემას კიდევ ერთი ლანჩხუთელი მიშა თვალაბეიშვილი ეხმაურება, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას კლინიკის გაუქმება. იგი, ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც მოუწოდებს, გულითან მიიტანონ შექმნილი ვითარება და გვერდით დაუდგნენ აქაურ თანამშრომლებს.
„სასაცილო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქვეყანაში ასეთი კოვიდ ვითარებაა. თითქმის, დღე არ გადის, რომ გარდაცვლილზე არ შევიტყო. დღე-ღამეში 400-500 ინფიცირებული, არ არის კლინიკებში ადგილი, ამ დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კლინიკა იხურება… კლინიკას, სადაც ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ. პატარა კლინიკა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს დღეიდან თითქმის უმოქმედო ხდება?!
ქართული ოცნება / Georgian Dream მოგმართავ მთელი ლანჩუთის სახელით _ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კლინიკის დახურვა, ეს იქნება დიდი შეცდომა თქვენი მხრიდან!
მოგმართავთ ლანჩხუთის მოსახლეობას _ გულთან მიიტანეთ ჩვენი გულისტკივილი და გვერდით დაუდექით ამ ძირძველი ღირსების მქონე კლინიკას… არ დაიხუროს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, _ ამბობს მიშა თვალაბეიშვილი.
„ძველი საავადმყოფოს“ შესაძლო გაუქმების ამბავთან დაკავშირებით საკუთარ უარყოფით განწყობას რიგითი ლანჩხუთელებიც აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მათ ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა შეძლონ ამ “თბილი კერის“ შენარჩუნება.
„ყველაფერი შეიძლება დათმოს ადამიანმა?! იბრძოლე რამდენიც გინდა, მავანთ თუ სურვილი არ აქვთ, არაფერი გამოვა. ხალხიც არ ვარგივართ, არაფერზე რეაქცია არ გვაქვს, ასეც არ შეიძლება. გამოვიდეთ გარეთ, მოვითხოვოთ, ჩვენც ხომ გვაქვს უფლებები.
ამ პატარა რაიონში არის საოცარი სითბოთი და პაციენტიებისადმი უანგარო თანადგომის ჯანდაცვის ცენტრი “ძველი სავადმყოფო”, რომლის წევრებსაც არაერთი სიხარული მოუტანია ლანჩხუთელებისთვის; არაერთი ექიმი თუ სამედიცინო პერსონალი აღუზრდია, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით მოღვაწეობენ. ნუთუ, ჩვენ არ შეგვწევს ძალა ერთმანეთის გვერდში დგომით შევინარჩუნოთ ეს თბილი კერა?!“ _ ასე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ლანჩხუთის მაცხოვრებლები.
გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „გურია ნიუსი“, უპირველესად, კლინიკის მენეჯერს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა და მეტი დეტალის გარკვევას მისგან შეეცადა. მან მადლობა გადაგვიხადა საკითხით დაინტერესების გამო და გვითხრა, რომ კლინიკის გაუქმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არც თავად ფლობდა და მეტი ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტის პირველ პირთან გადაგვამისამართა.
„ჯერჯერობით, ნათლად არც ჩვენც ვიცით, თუმცა, ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა სამინისტროს წარმომადგენელმა გასულ პარასკევს. ეს ყველაფერი იცის მერმა და მისგან შეგიძლიათ, გაიგოთ დეტალები“, _ გვითხრა თინიკო გოგუაძემ.
უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, რომ მერს ალექსანდრე სარიშვილს დავკავშირებოდით, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა, ტრადიციად ექცა, სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხოს. შექმნილ ვითარებაში მერსა და ჩვენ შორის შუამავლობისთვის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას მივმართეთ, რომ მისი მეშვეობით მაინც მიგვეღო მერისგან კომენტარი ჩვენთვის საინტერესო საკითხზე და ამ დრომდე პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვართ.