ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.
„მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას – ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში.
მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.
აქცია ბათუმში – შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.