რამდენიმე კვირის წინ, ესტონეთში პრემიერ-მინისტრი გადადგა. იური რატას გადადგომის მიზეზი ცენტრისტული პარტიის მაღალჩინოსნების კორუფციაში დადანაშაულება იყო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს შორის არის პარტიის გენერალური მდივანი მიხაი კორბი. გამოძიების მიხედვით, კორბმა ესტონელ ბიზნესმენს ტალინში სამშენებლო პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო სააგენტოდან სესხად 39 მილიონი ევროს გამოყოფა დაპირდა, ბიზნესმენს კი პარტია წელიწადში ერთი მილიონი ევროთი უნდა დაეფინანსებინა.
კვირას, ესტონეთის ორმა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო შეთანხმება მთავრობის ფორმირების შესახებ, მას შემდეგ, რაც წინა კაბინეტი ჩამოინგრა კორუფციული სკანდალის გამო. მემარჯვენე ცენტრისტების „რეფორმის პარტია“ და მემარცხენე „ცენტრის პარტია“ შექმნიან მთავრობას, რომელშიც ორივე პარტიას 7-7 მინისტრის პორტფელი ექნება 14- ადგილიან მთავრობაში. ხოლო, მთავრობის ლიდერი, „რეფორმერი“ პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება.
”ჩვენ კვლავ ავაშენებთ ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან, მეზობლებთან და შევეცდებით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის კარგი სახელი, სადაც უნდა ჩადოთ ინვესტიცია”, _ განუცხადა კაია კალასმა „როიტერს“ ტალინში სამშაბათს, ოფიციალური ფიცის დადების შემდეგ.
43 წლის კალასი ხდება ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ესტონეთმა 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. „რეფორმის პარტიამ“, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, 2019 წლის საყოველთაო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ხოლო მემარცხენე პარტიამ, კოალიციისთვის უკიდურეს მემარჯვენე „EKRE“- ს მიმართა, რომლის პრემიერ-მინისტრი იყო ცენტრისტი ჯური რატასი.
კაია კალასი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა წარადგინა, რომელიც 2016 წელს აირჩიეს და ის არის პირველი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ესტონეთის ისტორიაში. ახალი პრემიერის თქმით, ქვეყნის ახალი მთავრობის თითქმის ნახევარი ქალებით იქნება დაკომპლექტებული. სახელმწიფოს 14 სამინისტროდან ექვსს სათავეში სწორედ ქალი ჩაუდგება. კეიტ პენტუს-როსიმანუსი _ საგარეო და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, დაიკავებს ფინანსთა მინისტრის პოსტს; ევა-მარია ლიმეცი_ ესტონეთის ელჩი ჩეხეთში, იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი.
ესტონეთი მიჰყვება ლიეტუვას გზას, რაც გულისხმობს სახელისუფლებლო პოსტების თანაბრად გადანაწილებას ქალებსა და კაცებს შორის.