აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი შეთანხმებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, წყალქვეშა მილსადენის პროექტის შეზღუდვები შეტანილ იქნა თავდაცვის პოლიტიკის ყოველწლიურ კანონპროექტში, რომელიც 1 იანვარს მიიღეს. ამ სანქციებში მოქმედებს ყველა კომპანია, რომლებიც ეხმარებიან გაზპრომს, რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიის პროექტს მილსადენის მშენებლობაში.
ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ობამას ადმინისტრაცია, წინააღმდეგი იყო პროექტის, იმ მიზეზით, რომ ეს გააძლიერებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ევროპაში. ზამთარში ფასების დავის დროს, რუსეთმა შეწყვიტა საწვავის მიწოდება უკრაინასა და ევროპის ნაწილებში.
ბაიდენი, ასევე წინააღმდეგია ამ პროექტისა, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით იქმნება და ართმევს, მას სატრანზიტო გადასახადს. რუსეთი და გერმანია აცხადებენ, რომ მილსადენი წმინდა კომერციული პროექტია.
„შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ წინა ადმინისტრაციამ ახალი შეზღუდვები დაუწესა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ ზომების მიმოხილვას განვახორციელებთ“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჯენ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის ევროპელ პარტნიორებთან განხილვას განაგრძობს.
ასევე გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, კონგრესს მალე გადასცემს მოხსენებას იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც „გაზპრომს“ პროექტის დასრულებაში ეხმარებიან, რომელმაც შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ფირმებზე, რათ უარი ათქმევინოს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის ციურიხის დაზღვევის ჯგუფმა, ნორვეგიის რისკების მენეჯმენტმა და ხარისხის უზრუნველყოფის ფირმამ DNV GL, შეწყვიტეს პროექტზე მუშაობა.
ცნობისთვის, 19 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდ „ფორტუნას“ სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე დაუწესდა კომპანია „КВТ-Рус“-ს, რომელიც „ფორტუნას“ მფლობელია, კომპანია „რუსტანკერს“, ასევე ტანკერებს „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.