USAID/Georgia, #დაიწყეცვლილებაშენით – გაიცანით სამოქალაქო აქტივისტები, ბებია და შვილიშვილი, 62 წლის დარია შათირიშვილი და 14 წლის თორნიკე კვაჭანტირაძე სოფელ კვირიკეთიდან.
დარიამ და თორნიკემ მდინარე ბჟუჟის ხეობიდან ინერტული მასალების მოპოვების გაპროტესტება ითავეს, სოფლის გაერთიანება შეძლეს და კარიერის საზიანო მუშაობა შეაჩერეს.
„ტრაქტორებმა ხეობიდან ქვა-ღორღის ამოღება დაიწყეს, ჭები დაშრა, გზები დაინგრა, გარემო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა და ხმის ამოღებით მე და თორნიკემ გადავწყვიტეთ სოფლის ძალა გვეჩვენებინა“- ამბობს დარია.
დიდების „დიდური“ პრობლემების გარდა, თორნიკესა და მისი მეგობრებისთვისაც სოფელში არცთუ ისე პატარა შეზღუდვები ერთბაშად გაჩნდა – ცურაობა და თევზაობა აღარ შეეძლოთ, სათამაშო ადგილი წაერთვათ და მოუნდა მდინარე როგორმე დაებრუნებინა. დარიამ შვილიშვილს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა აუხსნა, მის თანატოლებსაც მიაწოდა საკითხავი მასალა და თორნიკეს თაოსნობით პატარა აქტივისტების ჯგუფიც გაჩნდა.
„საქართველოს სიყვარული ჩემი სოფლიდან იწყება და მინდა შემდეგ თაობებსაც, ისევე უყვარდეთ მდინარე, როგორც მე მიყვარს. ეკოლოგია ყველაფერია, მიწაა, ჰაერია, მოსავალია ჩვენთვის“ -ამბობს დარია.
დასაწყისში დარიას ზურგს მხოლოდ ველოსიპედიანი ბავშვების კოლონა უმაგრებდა, თუმცა მალე, ბებიამ და შვილიშვილმა მეზობლებიც აიყოლიეს. „თორნიკემ მოინდომა, თავიდან ჩვენ და ბავშვები ვიყავით, მერე კი თანასოფლელებმა ჩვენიცაა ეს ჭალაო და მთელი სოფელი ერთად დავედიქით, შედეგსაც მივაღწიეთ, არავის ეგონა რომ ბავშვებს და სოფელს ამხელა ძალა ჰქონდა“.
მდინარის გადარჩენის შემდეგ, თორნიკე სხვა ბავშვების დახმარებით ნაპირების საკუთარი ხელით გასუფთავებასაც აპირებს და გაზაფხულზე თანატოლებთან ერთად გარემოს დამცველთა კლუბის შექმნას გეგმავს. თოჯინების თეატრის დადგმის სცენარიც აქვს მოფიქრებული, საგანმანათლებლო სპექტაკლით უნდა ბავშვებს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა დაანახოს.
„გვიჭირს ბავშვებს თამაში, დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი და შუშა ყრია, ჩვენითაც გავასუფთავებთ, მაგრამ გვინდა მერიასაც დაველაპარაკოთ, ორმო ამოვთხაროთ ან ტექნიკით გავიტანოთ ნაგავი“ – ამბობს თორნიკე.