1950 წლის 16 ივლისს, „მარაკანას“ სტადიონი (რიო–დე–ჟანეირო) გინესის წიგნში შევიდა _ აქ, ფეხბურთში მსოფლიო თასის ფინალური მატჩის სანახავად ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის 199 854 ათასი ადამიანი მივიდა, რომლებიც ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დრამატული მატჩის მომსწრენი გახდნენ.
ბრაზილია პირველად მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატს, თანაც 1942 და 1946 წლების ჩემპიონატები მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ ჩატარდა და უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა ბრაზილიურ მუნდიალს.
ბევრი პრობლემის მიუხედავად (მაგ: ათზე მეტმა ქვეყანამ უარი თქვა მონაწილეობაზე) 13 ქვეყანის ნაკრები მაინც შეიკრიბა “ამაზონიაში”. რაც შეეხება ფორმატს, 4 ჯგუფის პირველადგილოსნები პირდაპირ ფინალურ ჯგუფს ქმნიდნენ და გამარჯვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებოდა. ფინალურ ჯგუფში თავი მოიყარეს: ბრაზილიამ, ურუგვაიმ, შვედეთმა და ესპანეთმა. ურუგვაიმ ესპანეთთან ფრე _ 2:2 ითამაშა, შვედეთს კი 3:2 მოუგო. ბრაზილიამ ძალიან იოლად დააგროვა 4 ქულა (მოგება მაშინ 2 ქულად ფასდებოდა) _ ჯერ შვედეთი გაანადგურა 7:1, შემდეგ ესპანეთს მოუგო 6:1.
პირთამდე სავსე მარაკანა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი, საკუთარ კედლებში მოთამაშე ბრაზილია, ჩემპიონატის ბომბარდირი, ფინალურ მატჩამდე 9 გოლის ავტორი ადემირ მენეზესიც მწყობრში იყო. ასე რომ, სასწაულს ანუ ბრაზილიელთა მარცხს არავინ ელოდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 47 წუთზე “სან პაულოს” თავდამსხმელმა, ალბინო ფრიასამ გახსნა. მართალია ურუგვაელთა კაპიტნის, აბდულიო ვარელას აზრით, თამაშგარე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა, ინგლისელმა ჯორჯ რიდერმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ურუგვაელებმა ანგარიშის გათანაბრება 66 წუთზე შეძლეს, თუმცა, ეს საკმარისი არ იყო _ ფრის შემთხვევაში ბრაზილია ხდებოდა ჩემპიონი.
მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ ურუგვაელები. მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე 200 ათასიან სტადიონზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა _ სასწაული, რომელსაც არავინ ელოდა, მაინც მოხდა. ბრაზილიელთა კარში გამარჯვების გოლი ალსიდეს ედგარდო გიჯამ (შემდეგში იტალიური “მილანისა” და “რომას” თავდამსხმელმა) გაიტანა.
“მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო სრულიად გაეჩუმებინა 200 000-იანი მარაკანა _ ფრენკ სინატრამ, პაპმა ოანე პავლე მეორემ და მე”, _ ამბობდა ჩემპიონატის გმირი გიჯა.
დარჩენილ დროში ბრაზილიელებმა 8-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარში, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ფინალის შემდეგ განადგურდა წინასწარ მომზადებული 22 ოქროს მედალი ბრაზილიელი ფეხბურთელების სახელებით, დაფიქსირდა არა ერთი თვითმკვლელობის ფაქტი, მაისურის ფერებიც კი შეცვალეს _ თეთრ-ლურჯ ფორმას უიღბლობა დააბრალეს და ყვითელი-მწვანე მაისურები შემოიღეს.
წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბრაზილიელები მეკარე მოასირ ბარბოსას მიიჩნევდნენ _ მას დაშვებული შეცდომები სიკვდილის ბოლომდე არ აპატიეს.
“ბრაზილიის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელის ვადა 30 წელია, _ თქვა 79 წლის ბარბოსამ ერთ-ერთ ინტერვიუში, _ მაგრამ ჩემი სასჯელი 50 წელი გაგრძელდა”.
ალბათ, 2014 წელს, გერმანიასთან სამარცხვინო მარცხიც ვერ შეედრება ბრაზილიელების მაშინდელ იმედგაცრუებას _ ეს იყო თამაში, რომელმაც ისტორია შექმნა! !