ფსიქოლოგი და მწერალი მაია ცირამუა ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“სკოლის დაწყების ამბავი ერთგვარი შვებაა ყველასთვის. განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის. თუმცა, ბევრი კითხვა ჩნდება:
1. რა შეიცვალა სკოლებში დაავადების გავრცელების რისკების შემცირების კუთხით? როდის დადებს განათლების სამინისტრო რაიმე სტრატეგიას, რომ მშობელმა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება;
2. რა მოხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში? იქ რა ცვლილებებია? ტრანსპორტის გაუმართაობა, იქ ჰიგიენური ნორმების, დისტანციის დაცვის, ე. წ. გადაჭედილი ტრანსპორტის საკითხი მოგვარებულია?
3. თუ ისევ 9 საათზე დაიწყება კომენდანტის საათი, ეს ხომ არ გაზრდის დაავადების გავრცელების რისკებს? გადაივსება ტრანსპორტი, იქნება უმართავი საცობები და ადამიანები ბევრად დიდხანს აღმოჩნდებიან დახშულ სივრცეში და მჭიდრო კონტაქტში ერთმანეთთან;
4. გაითვალისწინა თუ არა ჯანდაცვამ ის კოლაფსი, რაც გვქონდა ცოტა ხნის წინ და შექმნა თუ არა მოქნილი სისტემა? შეიძინა საჭირო ინვენტარი? იზრუნა თუ არა სამედიცინო პერსონალის პროფესიულ გადაწვაზე და მორალური ზიანით გამოწვეულ სტრესზე, რა მოხდება თუ მესამე ტალღა დაიწყება?
5. რას აკეთებს და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხელისუფლება, იმისათვის, რომ არ მივიდეთ ახალ ჩაკეტვამდე?
6. როდის დაიწყება ვაქცინაცია და რას ფიქრობენ ინფექციონისტები, როგორ შეცვლის უახლოეს პერსპექტივაში იმუნიზაციის ეს პროცესი დაავადების გავრცელების რისკებს? _ ამ ყველაფერზე პასუხები გვაქვს?!
ჩვენ ვერავინ ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ კარანტინს. აღარ გამოდგება არგუმენტად _ პანდემიაა, მთელი მსოფლიო ამ დღეშია და ა. შ . უბრალოდ, ამას ვეღარც ეკონომიკურად, ვეღარც ფიზიკურად და მითუმეტეს, ფსიქიკურად ვეღარ გავუძლებთ”,_ წერს მაია ცირამუა.