დავით-გარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. დაზიანებები, გარდა კლიმატური პირობებისა, გამოიწვია, ასევე წლების განმავლობაში იქ განლაგებულმა რუსულმა ბაზამ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საარტილერიო სწავლებები. კომპლექსის რესტავრაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. კომპლექსში ასასვლელი გზის ერთი მხარე აზერბაიჯანულ მხარეს ჩაკეტილი აქვს. პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დავით-გარეჯს ესტუმრა.
როგორც მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განცხადა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა გადაწყვეტილება დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მიიღეს, რომლის შემდეგ ტურისტებს მონასტრის მონახულების საშუალება არ ეძლევათ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრისკენ მიმავალი გზის დაკეტვა იმით ახსნეს, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის მონასტერში ასვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათი გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა. თუმცა, არქიმანდრიტი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, აზერბაიჯანული მხარის სამი წარმომადგენელიც ახლდა და ეს მხოლოდ საბაბი იყო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯს 2019 წლის, 20 აპრილს სტუმრობდა. მან უდაბნოს მონასტერიც მოინახულა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენა
„ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა. აუცილებელი არის, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
,,გურია ნიუსი“ ესაუბრა კულტურული მემკვიდრეoბის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბექა ბარამიძეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული უდაბნოს მონასტრის საკონსერვაციო მდგომარეობის შეფასებითი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ძირითადად, სარეაბილიტაციო სამუშაოები კონცენტრირებულია საბერეების კომპლექსზე.
_ მეორე წელია, ჩვენ დაწყებული გვაქვს, სამონასტრო კომპლექსის, საბერეების კლდის მასივის კვლევისა და მისი კონსოლიდაციის პროექტის პროცესი. რომელსაც ახორციელებს ილიაუნის კულტურული მემკვიდრეობისა კვლევისა და რეაბილიტაციის ცენტრის სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ჩვენ უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ ამ კვლევის ანგარიშზე, რომელიც მოიცავს ჰიდროლოგიისა და გეოლოგიური აგებულების კვლევას სკანირების მეთოდით. ამავდროულად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, უკვე მიმდინარე წლიდანვე საბერეების კომპლექსის ყველაზე კრიტიკული არეალები, ყველა სეგმენტების გამაგრების განსაზღვრული მეთოდოლოგიით მარტივი კონსერვაციის პროცესი დაიწყება.
დავით გარეჯის მიმართულებით, ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელშიც განიხილება ძეგლის საკონსერვაციო ტიპის სამუშაოები. ამავდროულად, მხატვრობის რესტავრაციის თვალსაზრისით, უკვე განვახორციელეთ პროექტი დოდოს რქას კომპლექსზე და მთელი რიგი სამუშაოები ლავრაში.
ახლა, ყველაზე დიდი აქცენტი, დავით გარეჯის კომპლექსის მიმართებაში გვაქვს გაკეთებული საბერეებზე. რამდენადაც ეს კომპლექსი არის ყველაზე სპეციფიკური, იმ თვალსაზრისით, რომ ქვის ეროზირების პროცესი საკმაოდ გააქტიურებულია.
ეს, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების რისკებს ზრდის, ამავდროულად კომპლექსის სტრუქტურას რეალურად აზიანებს და მას საკონსერვაციო სამუშაობის ჩარევა აუცილებლად ესაჭიროება.
2018 წლიდან ,,დავით გარეჯი“ ჩვენი და ,,ევროპა ნოსტას“ საქართველოს წარმომადგენლობის აქტიური ქმედებების შედეგად მოვახვედრეთ, ,,ევროპა ნოსტას“ შვიდი საფრთხის ქვეშ მყოფი ფინალური ძეგლის სიაში, რომელიც ამ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ქმედებებთან ერთად, სახელმწიფო პროცესში თანამონაწილეობის და პარტნიორობის თავლსაზრისით საკონსულტაციო და სარეკომენდაციო ჩართვის კუთხით, აყენებს საერთაშორისო ავტორიტეტულ დარგობრივ ორგანიზაციებს, რათა მოხდეს ქმედითი ჩართულობა კლდის კონსერვატორებისა და დონორი ორგანიზაციების, რათა ფინანსური მხარდაჭერითაც გახორციელდეს მიმდინარე პროცესები.
ამაში ,,ევროპა ნოსტას“ პარტნიორი ორგანიზაციაა ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“. 2018 წელს, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ საერთაშორისო კონფერენცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში, სწორედ იმ წელს განისაზღვრა, ეს სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვახორციელებთ ამ პროექტს.
_ პროექტი მხოლოდ საბერეების კომპლექს მოიცავს თუ სრულად, რომელიც დღეს აზერბაიჯანულ მხარეს აქვს დაკავებული _ უდაბნოს და ჩიჩხიტური კომპლექსაც?
_ მოგეხსენებათ, რომ დავით გარეჯი აერთიანებს, დაახლოებით, 26 სამონასტრო კომპლექსს. ჩვენ, ამ მიმართულებით გვყავდა აზერბაიჯანელი ექსპერტები ჩართულები. ჩვენი სახელმწიფოს ქმედებები, სარეაბილიტაციო სამუშაოების თვალსაზრისით, მოიცავს ერთობლივ ქმედებებს, ერთობლივ ჩართულობას, რომ მოხდეს ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული უდაბნოს მონასტრის საკონსერვაციო მდგომარეობის შეფასება და მასზე ერთობლივი ჩართულობით, იმ საჭიროებების განსაზღვრა და შემდგომ უკვე გახორციელება, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებას გააჩნია. მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ქმედებები ამ წელიწადს და მოცემულ შემთხვევაში, განისაზღვრება უშუალოდ საბერეების კომლექსით, რომელიც, ჯერჯერობით, მისი მასშტაბიდან, მისი გეოლოგიური აგებულებიდან, ლანდშაფტური მოცემულობიდან საჭიროებს კვლევას და დაუყოვნებლივ ჩარევას.