ოზურგეთში, სხვადასხვა დასახელების წისქვილკომბინატთა წარმოების პურის ფქვილის ფასი პერმანენტულად იზრდება.
25 კგ წონის ტომარა, როგორც ოზურგეთში მომუშავე წისქვილკომბინატ „გულისტანის“, ისე სხვა საწარმოების გამოშვებული, საშუალოდ, პირველი და უმაღლესი ხარისხის ღირს 39-40 ლარი.
გაზრდილია ასევე შავი, სერი ფქვილის და ქატოს ფასები.
_გამუდმებით ფასის მატება გაგიგია? რა ხდება, ვინმე პატრონი ჰყავს ამ ყველაფერს? წინა კვირის მერე ლარნახევრით და ორ ლარამდე გაიზარდა ფასები. იმასაც კი გვეუბნებიან, რომ 50 კილოგრამიანი ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, გაზაფხულისთვის ასი ლარი ეღირებაო. კარგი, ბატონო, ჭორებს არ დავუჯერებთ, მაგრამ აგერ, თვალწინ რაც ხდება , ეს ჭორზე უარესი არ არის? _ გვეუბნებიან პურისფქვილის მომხმარებელი მოქალაქეები: ნატაშა ლომჯარია , ნინო სალუქვაძე , მარგალიტა მამწიშვილი და სხვები.
ჩვენი ინფორმაციით, საცხობებში განსაკუთრებით, საგრძნობლად იმატა სხვადასხვა დასახელების ღვეზელის ფასმაც.
„გურია ნიუსი“ მუშაობს და არკვევს, რა ხდება პურის ფქვილის ფასის მატებასთან დაკავშირებით, როგორია ფასი მეზობელ რეგიონებში. ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.