სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილობრივის არჩევნების შესახებ კანონმდებლობაში რიგი საკითხების ცვლილებები უნდა მოხდეს.
“საკრებულო უნდა ავირჩიოთ პროპორციული წესით. დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დავესწარი და არ მაქვს იმედი რომ ეს იდეა გავა. მას ბევრი მომხრე არც პარტიებში ყავს და არც სამოქალაქო სექტორში. არადა ამ მნიშვნელობის მქონე საკითხი ცოტაა.
ამ ქვეყანაში მაჟორიტარიზმი ამახინჯებს პოლიტიკურ სისტემას 30 წელია. ისე გვაქვს ძვალსა და რბილში გამჯდარი ეს კონცეფცია, რომელსაც მე-19 საუკუნის დასასრულს ებღაუჭებოდა ლიბერალიზმი, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. რას ნიშნავს ის? „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ – ანუ მას ვისაც შეუძლია სხვაზე მეტი ხმის მოპოვება (მაფ 31%-ის) ძალაუფლების 100% ენიჭება.
ასეთ პირობებში ისინი იმარჯვებენ ვისაც დიდი ფინანსები, მედია მხარდაჭერა და სხვა რესურსები აქვს. შედარებით პატარა ჯგუფებს შანსი არ აქვთ (წაიკითხე: ძლიერები გაიმარჯვებენ სუსტები გადაშენდებიან). ეს სისტემა ბუნებრივად უწყობს ხელს პოლარიზაციას და ოცნებების და ნაციონალური მოძრაობის გარდა არავის უნდა აწყობდეს.
ბევრს გონია რომ მაჟორიტარიზმი ნიშნავს, როცა კონკრეტულ ადამიანს ვირჩევთ და პროპორციული კი როცა პარტიას ვაძლევთ ხმას. ეს შეცდომაა. საქმე ის კი არ არის ვის ვაძლევთ ხმას, არამედ იმას როგორ გარდაისახება ჩვენი ხმები მანდატებში. არსებობს პროპორციული სისტემები, სადაც კანდიდატებს აძლევენ ხმას და მაჟორიტარული სადაც პატიებს ირჩევენ.
პროპორციულ ოჯახში უამრავი სისტემა შედის და ის იძლევა ბევრ შესაძლებლობას. გინდათ პერსონალური ბმა ჰქონდეს ამომრჩეველს და არჩეულს? პროპორციულ სისტემაში არის ეს შესაძლებელი. გინდათ დამოუკიდებელმა კანდიდატებს ქონდეთ კენჭისყრის უფლება? პროპორციული სისტემა ამის საშუალებასაც იძლევა.
უფრო დეტალურად საარჩევნო სისტემის შესახებ იხილეთ ჩვენს მოკლე მიმოხილვაში: _ წერს ვახუშტი მენაბდე.