მოსკოვი შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე აღმოჩნდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის დაპატიმრების გამო ემუქრება.
საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ გასულ პარასკევს მოსკოვში მისმა ვიზიტმა გაამყარა მისი შეხედულება იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს დაშორდეს ევროპას და გაყოს დასავლეთი.
”რუსეთის მთავრობა შემაშფოთებელი ავტორიტარული გზით მიდის”, – თქვა ბორელმა, რომელიც მოსკოვში ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდა.
”როგორც ჩანს, დემოკრატიული ალტერნატივების შემუშავების ადგილი თითქმის არ არსებობს … ისინი დაუნდობლები არიან ამგვარი მცდელობების ჩახშობაში”, – განუცხადა მან ევროპარლამენტს და თქვა, რომ მას სჯერა, რომ კრემლი ხედავს დემოკრატიას ”ეგზისტენციალურ საფრთხედ”.
ბორელის შენიშვნები მიანიშნებს ევროკავშირის დამოკიდებულების გამკაცრებაზე რუსეთის მიმართ.
”რუსეთი ცდილობს ჩვენს გაყოფას”, – თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, ნავალნი დააპატიმრეს იანვარში, როდესაც ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა რუსეთში.
ნავალნი პუტინს ადანაშაულებდა თავდასხმაში, მაგრამ კრემლმა უარყო ბრალდებები. მისმა დაპატიმრებამ დიდი პროტესტი გამოიწვია რუსეთში.
ბორელის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის დროს, რომელიც ბორელმა მწვავედ შეაფასა, მოსკოვმა გააძევა ევროკავშირის სამი დიპლომატი გერმანიიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან.
ბორელმა თქვა, რომ მან მხოლოდ რუსეთიდან გაძევების შესახებ შეიტყო მისი ვიზიტის დროს სოციალური მედიის საშუალებით. პრესკონფერენციაზე ლავროვმა ევროკავშირს “არასანდო პარტნიორი” უწოდა.
ევროკავშირის ბევრმა დეპუტატმა თქვა, რომ კრემლს სურდა პარასკევს მოსკოვში ბორელის დამცირების მცდელობა და გზავნილის გაგზავნა იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთის საშინაო საქმეებიდან მოშორებით უნდა დადგეს.
მინიმუმ 81 -მა დეპუტატმა მოითხოვა ბორელის გადადგომა.
ბორელმა განაცხადა, რომ მიზანმიმართული სანქციები ახლა რუსეთისთვის ვარიანტია, მაგრამ ეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.
”დიახ, ეს მოიცავს სანქციებსაც”, – თქვა ბორელმა პოლიტიკის შემდგომ ნაბიჯებზე.