წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელ გაბრიჭიძემ სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მეუფე მიქაელმა, აღნიშნა, რომ მეუფე გრიგოლ კაცია თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.
“წმინდა სინოდი, ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო… ამ საიდუმლოში ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ და რაც იქნება უმრავლესობის ხმით მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნება ჯანსაღი.
_ ღვთის ნება იყო მეუფე სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება?
_ რასაკვირველია, აბა, ახლა როგორ, შეიძლება მაგ შემთხვევაში.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრე ცაავას შემცვლელად თავდაპირველად მეუფე გრიგოლ კაცია დაინიშნა.
დღევანდელი სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.