საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოთხ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. ცვლილება შეეხო გურიის მხარესაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გუბერნატორები ძალოვანი სისტემის ყოფილი თამნამშრომლები არიან.
ოზურგეთში ჩამოსულ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას “გურია ნიუსმა“ ჰკითხა, რას უნდა ნიშნავდეს ყოფილი ძალოვანების წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წინ ადგილობრივი არჩევნებია?
ელენე ხოშტარია: “ქართულ ოცნებაში“ იმას კი არ უყურებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი შეაფასონ და პოლიტიკური პროცესის შექმნისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგან, არა _ ჩვენ ვუყურებთ კლანურ გადალაგებებს. ასევე, ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებლად. ეს სამზადისი იმისთვის კი არ მიდის, რომ ამომრჩეველს რამე შესთავაზონ, არამედ ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინონ.
საერთოდ არ მაინტერესებს, ვისი კლანი სად არის, მე მაინტრესებს, რას ვთავაზობ ამ არჩევნებზე ამომრჩეველს. დიდი ხანია ვიძახი: აღარ ვაპირებ იმაზე მარჩიელობას, რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. მთავარია, სისტემა უნდა შეიცვალოს და არ ვაპირებ ფიქრს იმაზე, რა ჩახლართული ჩანაფიქრი ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. ითამაშონ პოლიტიკოსობანა, ჩვენ შევხვდებით ხალხს”, _ განაცხადა ელენე ხოშტარია “გურია ნიუსის“ ფეისბუქლაივის დროს.