ქალაქ ოზურგეთის წმ.ნინოს სამრევლო სკოლის დირექცია ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კლარა გურგენიძე.
“ნიჭიერებითა და საგნის სიღრმისეული ცოდნით გამორჩეული მექართულე, ქალბატონი კლარა (ტატა) გურგენიძე ზეციური საქართველოს ბინადარი გახდა. ათეულობით მოსწავლის აღმზრდელი და დამკვალიანებელი, საგნის სიყვარულის “უკურნებელი სენის” უშურველად გადამდები, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და დამაშვრალი. წლების განმავლობაში სიტყვიერების მასწავლებელთა წინამძღოლი. “მთიების” სულის ჩამდგმელი და ზეიმად ქცეული ქართული ენისა და ლიტერატურის აკადემიური გაკვეთილები, ესთეტიკურად დახვეწილი და პატრიოტიზმით გაჟღენთილი ღონიძიებები. მადლიერებით სავსე დამწყები თუ პრაქტიკოსი პედაგოგები. ჯერ კიდევ, იმ დროს “საჩოთიროდ” ქცეული ბიბლია, მისი სამაგიდო წიგნი იყო. დღეს სიახლედ მიჩნეული მიმართულებები, მისთვის ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესის თანამდევი იყო.
ვათვალიერებთ გასული წლების ფოტო და ვიდეო ჩანაწერებს, ვიხსენებთ მის ნაღვაწს, რაიონის მასწავლებელთა ცნობიერებაში რომ დალექილა და ცოდნის შუქად ანთებულა სკოლებში. განათლების უზენაესობის მისეული დამოკიდებულება საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლასაც ხვდა წილად. დღესაც ამშვენებს სკოლის კედლებს, მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული მოსწავლეთა საკონფერენციო თემებიდან გამორჩეული ნამუშევრები და დიპლომები. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური ბუკისციხის მიწა და განსასვენებელი საჩინი მშობლების გვერდით.“.
კლარა გურგენიძე გაზეთ “ლენინის დროშის“ მთავარი რედაქტორის, აფთონ გურგენიძის შვილი იყო.
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი კლარას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვალებულის ოჯახს.