გურიაში ამინდის მკვეთრად გაუარესებაა მოსალოდნელი,_ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„ამ საღამოდან დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება. მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება, წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება 14 თებერვლის ჩათვლით. მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში თითქმის თანაბარი იქნება ამ ორი დღეს განმავლობაში +2, +7, +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მთაგორიან რაიონებში შესაძლებელია წვიმას ერეოდეს სველი თოვლი. მაღალ მთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი და შესაძლოა თან ახლდეს ქარბუქი.
15 თებერვალს მცირედ გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 14-16 გრადუსამდე.
16 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი და უფრო ცივი ამინდია მოსალოდნელი და კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. 17-18 თებერვალს მოსალოდნელია თოვლჭყაპი“,_ გვეუბნება გვაზავა.