ადამიანები შუადღით მოსვენების მდგომარეობაში ყოფნისას 10%-ით უფრო მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე იმავე მდგომარეობაში საღამოს, ან გვიან ღამით ყოფნისას.
კვლევის ავტორების თქმით, ექსპერიმენტში კონცენტრაცია მოსვენების მდგომარეობაში ყოფნისას დახარჯულ კალორიებზე იყო, ამიტომ ძნელია თქმა, ღირს თუ არა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით კვებისა და ვარჯიშის საათების შეცვლა. უფრო მნიშვნელოვანი კი შეიძლება გვიანი საღამოსა და ღამის საათებში კალორიების შემცირებული წვის თავიდან არიდება იყოს.
ექსპერიმენტში მხოლოდ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად აღნიშნული კვლევით საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ცდისპირთა პატარა რაოდენობამ მათ საშუალება მისცა, რომ ექსპერიმენტებში უამრავი პატარა დეტალი გაეთვალისწინებინათ, მაგალითად ის, თუ რამდენ დროს ატარებდნენ ისინი მზეზე, ან კონკრეტულად რისგან შედგებოდა მათი კვების რაციონი, ეს ყველა დეტალი ცირკადული რითმების უკეთ გაანალიზების საშუალებას იძლევა.
37 დღის განმავლობაში კვლევაში მონაწილე ადამიანები ლაბორატორიაში ცხოვრობდნენ, სადაც არც ფანჯრები იყო და არც საათი. მათ ასევე არ ჰქონდათ ტელეფონი და ინტერნეტი. მეცნიერები ცდისპირების ძილის რეჟიმს ხელოვნურად არეგულირებდნენ: ისინი გაღვიძებისა და დაძინების დროს ყოველდღე ოთხი საათით უკან წევდნენ.
ამის წყალობით მკვლევარებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა ორგანიზმის ცირკადული რითმები, რომლებიც დიდწილად მზის სინათლეზეც არის დამოკიდებული, დაარღვიეს და ორგანიზმებს აიძულეს, რომ მხოლოდ შინაგან საათზე დაყრდნობით ემუშავათ. ამის საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს, რომ ორგანიზმის შინაგან საათს, გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად დაკვირვებოდნენ.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს სპეციალური სენსორები ჰქონდათ მიმაგრებული, რომლებიც ორგანიზმის ტემპერატურას, შესაბამისად კალორიების წვის სიხშირეს ზომავდა. მათ დაადგინეს, რომ ორგანიზმის ტემპერატურა ყველაზე დაბალი გვიან ღამით და დილას არის, ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი შუადღის საათებში დაფიქსირდა.
დაფის თქმით, ამ შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება იმ ადამიანებისთვისაც ჰქონდეს, ვინც ღამის ცვლებში მუშაობს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს სხვადასხვა დაავადების მომატებული რისკები აქვთ.
მეცნიერების თქმით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა უკეთ გაირკვეს, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ადამიანებზე, მაგრამ ის უკვე ცხადია, რომ ჩვენ ორგანიზმს გარკვეული შინაგანი საათი გააჩნია, რომლის გარესამყაროსთან თანხვედრაში ყოფნა აუცილებელია.