2021 წელს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში ფრენებს არ აღადგენს – ამის შესახებ ინფორმაცია BMG ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანიის სათაო ოფისში დაუდასტურეს, რომ კომპანიის ფრენები, კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, არ აღდგება.
“კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, ჩვენი ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა”,- განაცხადეს ავიაკომპანიის პრესსამსახურში
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ჯერჯერობით, საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია.
2020 წლის განმავლობაში Ryanair-ი საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.