საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ეხმიანება ქობულეთში არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს და შემდგომში, პრევენციის მიზნით, გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
“ამ ტრაგედიამ გამოაშკარავა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემები, სტიგმა გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის მსხვერპლთა მიმართ, ბავშვთა დაცვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური შეფასების, მხარდამჭერი მომსახურებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები.
ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს, იქნება ეს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზები სექსუალური ძალადობის შესახებ, სამართალდამცავი უწყებების პროცედურები თუ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში.
აუცილებელია მართლმსჯულების სისტემაში შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებსა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე იმუშავებენ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სივრცეების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას.
საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, რომელიც სექსუალურ ძალადობას სოციალურად მისაღებად მიიჩნევს და ადანაშაულებს მსხვერპლს, და ასევე ხელს უშლის პროფესიონალთა მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევების შეტყობინებას, სრულად უნდა იყოს აღმოფხვრილი.
აუცილებელია დაუყოვნებელი და ენერგიული ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიის განმეორება და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონების უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა ყოველთვის და ყველა სიტუაციაში, ქალებისა და ბავშვების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაერო სოლიდარობას უცხადებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და სხვა პარტნიორებს სისტემური პრობლემების გადაჭრაში, რაც წარმოშობს ასეთ ტრაგედიებს,_ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.