“რას აკეთებთ, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს?!”, – ასე მიმართა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებდა და აღნიშნა, რომ არ უნდა მიეღო პარლამენტს ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ზუსტად ორი დღის წინ, ამ დარბაზში „ქართულ ოცნებას“ მოგიწოდეთ, არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის და ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, ქვეყანა პრინციპში არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინვე, მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი უნდა დააიგნორო და უფრო მეტიც, უნდა ებრძოლო ან უნდა სცადო, დაიჭირო ოპოზიცია. სამწუხაროდ, აი ეს ძალიან ცუდი, მანკიერი თვისება გადმოიღეთ თქვენ იმ წინა ხელისუფლებისგან, რომელთან ბრძოლაშიც გართული ხართ ცხრა წელია. იმდენად ხართ გართული, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენც და ყველაფერი გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, სააკაშვილმა, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო.
გირაოს არ გადახდა, ვერ დამიჭერთ – ერთი მხრიდან ისმოდა, მეორე მხრიდან – დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, სპეცრაზმის მობილიზებას მოვახდენთ და ამ დროს რა ხდება – ქვეყანა გაღატაკებული, გასაცოდავებული მიგდებულია. ხომ ნახეთ, რომ პაციენტები გადაჰყავთ ტვირთის გადასატანი მარშრუტკებით და ხალხი კრედიტებს ვერ იხდის, ბინებს გაუყიდიან სულ ცოტა ხანში. პანდემიის გამო, ათი ათასობით ადამიანი ლუკმა-პურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კუნთების თამაშს ვხედავთ. ისე ხართ გართული ცხრა წელი ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ამასობაში ქვეყანა გადაიჩეხა ქვეყანა ხრამში. რას აკეთებთ, შედეგი რა არის, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ ეს თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. აი, ეს გინდათ თქვენ და როგორც ჩანს, რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ორი დღის წინ გითხარით, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს, პარლამენტი იყოს პარლამენტი და გამოავლინოს თავისი წონა და თავისი ინსტიტუციური ღირსება. არ არის აქ მელიაზე ლაპარაკი, ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვიცავდე მას, მაგრამ ვნახეთ, როგორ დღეშია ქვეყანა, დარცხვენილი, შერცხვენილი პოლიცია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ერთი მთავარი რამ არის, ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს თქვენ, „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ და სანამ ხართ. ამას ვიძახდით სულ და ამის გამო გვაცვეს ჯვარს, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს, იქითაც საქართველოა, აქეთაც საქართველოა და შუაში არის გასაცოდავებული და გაღატაკებული საქართველო. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია არის ის კაცი, რომლის მიმართაც უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის. პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გადადგა. ქვეყანა კიდევ უფრო არ შეიყვანა დაპირისპირების გამოუვალ ჩიხში. ამდენად, მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. დასხედით, დაილაპარაკეთ და განიმუხტოს უნდა ეს სიტუაცია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.