,,მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით“ – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერალდ კონოლის განცხადებაშია ნათქვამი.
კონოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.
„როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს. საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სასწრაფოდ იმოქმედონ ამ კრიზისისა და მათ შორის არსებული არსებითი უთანხმოების მოგვარების მიზნით. მჯერა, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ერის უზარმაზარი პოტენციალის განმუხტვის ერთადერთი გზაა“, _ წერია განცხადებაში.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯერალდ კონოლი განცხადებაშია, ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე.
„სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, უპირისპირდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში შემავალი სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. სულ რაღაც ათი დღის წინ, აშშ-ის კონგრესში კვლავ წარვადგინე საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე. ამასთან, იგი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში.
საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.