გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლასთან დაკავშირებით.
გიორგი სახოკიას თქმით, გიორგი გახარიას წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტელევიზიიდან გაიგო.
„მოსალოდნელი არ იყო, იმიტომ, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ ყოფილა. როგორ ჩანს და როგორც განცხადებიდან გამოიკვეთა, აზრთა სხვადასხვაობა იყო ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აღსრულების დროსთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა. ეს იყო მიზეზი, რაც განმარტა პრემიერ-მინისტრმა მის განცხადებაში. გიორგი გახარიამ გამოთქვა იმედი, რომ მისი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა სიტუაციის დეისკალაციას.
_ ბატონო გიორგი, მოხდა თუ არა გიორგი გახარიას წასვლამდე ან მისი წასვლის შემდეგ ონლაინ შეხვედრა გუბერნატორებთან?
_ ჩვენ, გუბერნატორებს შეხვედრები, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც მაკოორდინებელ რგოლს, ფაქტობრივად, მუდმივ რეჟიმში გვაქვს. გვაქვს საერთო საკომუნიკაციო არხები, სადაც ყოველწუთიერად ცვლით ინფორმაციას. გუშინ და დღეს, როდესაც არის სტიქიური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს კომუნიკაციები.
_ გიორგი გახარიასთან შეხვედრა არ გქონიათ, ანუ, არ დამშვიდობებიხართ?
_ ჩვენ არ ვიმყოფებით თბილისის ოფისში, შესაბამისად, ჩვენ ვართ ყველანი რეგიონებში, და ვაგრძელებთ მუშაობას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას, _ გვითხრა გიორგი სახოკიამ.