ვინსენტ ვან გოგი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი ვან გოგი თითქმის ბოლომდე თვითნასწავლი იყო. თავისებური ხასიათის გამო, მას კლასში ჯდომა არასდროს ხიბლავდა და განათლებასაც სახლში იღებდა. მან სულ რაღაც ორი წელი ისწავლა სკოლა-ინტერნატში და 16 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო. 1880 წელს ვან გოგი ცოტა ხნით სწავლობდა ბრიუსელის სამხატვრო აკადემიაში, სანამ ამასაც არ მიანება თავი. ვან გოგი გატაცებით სწავლობდა იაპონურ ხელოვნებასა და მისივე თანამედროვე კოლეგების ნამუშევრებს, მაგრამ მისი ხელწერა სრულიად უნიკალურია.
ფრიდა კალო
ფრიდა კალოს ნიჭი თავდაპირველად მამამისმა შენიშნა და გადაწყვიტა, შვილისთვის ფოტოგრაფია ესწავლებინა. მანვე დაიქირავა საკუთარი მეგობარი, ილუსტრატორი, რომელიც გოგონას პირველი მხატვრული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დახმარებოდა. მოწაფეს ყველაფერი მოსალოდნელზე მარტივად გამოსდიოდა, თუმცა მხატვრობაზე მეტად, მედიცინა აინტერესებდა. ფრიდას ოცნებებზე უარის თქმა მოუწია, როცა 18 წლის ასაკში საშინელ ავარიაში მოყვა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
ანრი რუსო
ფრანგი მხატვარი ანრი რუსო, რომელიც საკუთარი შემოქმედების გამო ხშირად დაცინვის ობიექტიც გამხდარა, მოგვიანებით თვითნასწავლ გენიოსადაც კი აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსოს საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია, მისი ინსპირაციის მთავარი წყარო ჯუნგლები იყო. რუსოს ნახატებით განსაკუთრებულად პაბლო პიკასო იყო გატაცებული.
ბებია მოზესი
ანა მერი რობერტსონი, იგივე ბებია მოზესი 78 წლის იყო, როცა მისი ხელოვნების შესახებ ყველამ შეიტყო. ჩვეულებრივი დიასახლისი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო გატაცებული ხელსაქმით, თუმცა ფუნჯებით ხატვაზე ართრიტის გამო გადაერთო. 1939 წელს ნაივურ სტილში შესრულებული ნამუშევრები “თანამედროვე უცნობი ამერიკელი მხატვრების” გამოფენაზე მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი მას ინდივიდუალური გამოფენა მოუწყვეს.
ბებია მოზესმა 1500-ზე მეტი ნამუშევარი დაგვიტოვა და თითოეული მათგანი იდილიურ ცხოვრებას გადმოგვცემს.
ჰენრი დარჯერი
ჰენრი დარჯერიც ამერიკელი მხატვარია, რომელსაც ხატვა არასდროს უსწავლია, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მისთვის, რომ საკუთარი წიგნებისათვის შთამბეჭდავი ილუსტრაციები შეექმნა. ის სიცოცხლის ბოლომდე ჩიკაგოს საავადმყოფოს დამლაგებელი იყო.