გაეროს გენერალური მდივანი ქვეყნებს მოუწოდებს ერთმანეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ზედმეტი დოზები გაუნაწილონ, _ ამის შესახებ ანტონიო გუტიერეშმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
“თუ ჩვენ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში ჩავატარებთ ვაქცინაციას და არ მივხედავთ განვითარებად ქვეყნებს, ვირუსი მუტაციას განიცდის და უფრო მდგრადი გახდება ვაქცინების მიმართ. ეს კი ისევ იმ განვითარებულ ქვეყნებს მიუბრუნდება ცუდად, რომლებმაც ასე იზრუნეს თავიანთი ხალხის აცრაზე. ჩვენ ვხედავთ დადებით სიგნალებს და ზოგიერთი ქვეყნის მზადყოფნას, რომ ვაქცინების ზედმეტი დოზები სხვებს გაუზიარონ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია ქაოტურია”, _ თქვა ანტონიო გუტიერეშმა
მან იმედი გამოთქვა, რომ “დიდ ოცეულს” გააჩნია ყველა შესაძლებლობა ექსტრემალური სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც ვაქცინაციის გლობალურ გეგმას შექმნის. მისი აზრით, ასეთი გეგმა შეძლებდა ქვეყნების, კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური დაწესებულებების გაერთიანებას, რომლებსაც გააჩნიათ აუცილებელი სამეწარმეო და ფინანსური სიძლიერე.