ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები ყოველთვიურად მატულობს. polce.ge-ს მონაცემებით, 2020 წელს, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის 8 376 შემთხვევა დარეგისტრირდა. ძირითადად, ქალები ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ზრდაზე მიუთითებს დარეგისტრირებული შემთხვევების მატება, თუმცა, ჩვენ არ ვიცით ქალთა რაოდენობა, რომლებიც ძალადობის დროს დუმილს ამჯობინებენ. სამაგეროდ, ვიცით მიზეზები, რომელთა გამოც, ისინი ირჩევენ მოძალადესთან ცხოვრებას.
რატომ ძალადობენ ქალებზე? როგორ დაიცვან ქალებმა თავი და რა შედეგს მიაღწია სახელმწიფომ ქალთა დაცვისას? _ ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენი რესპონდენტისგან იდა ბახტურიძისგან მოვისმენთ. იგი ქალთა უფლებების დამცველია, მუშაობს ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. ქალბატონი იდა ერთ-ერთი ავტორია პლატფორმისა “ქალები საქართველოდან“; 2011 წლიდან აქტიურადაა ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში.
_ ბოლო წლებში გაზრდილი მიმართვიანობა, გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა აჩენს განცდას, თითქოს ბოლო პერიოდში მოიმატა ოჯახში ძალადობამ. სინამდვილეში, ქალებმა მეტად გაბედეს საუბარი იმაზე, რაც მანამდე სირცხვილად ითვლებოდა.
ძალადობის მიზეზი არის ზუსტად ის, რომ ასე აყალიბებს როლებს ქალებსა და კაცებს შორის ეგრეთწოდებული პატრიარქალური კულტურა; ასეა ჩამოყალიბებული, რომ ვიღაც ყოველთვის დომინანტია ქალებსა და კაცებს შორის და ეს ვიღაც, ზუსტად კაცია. “დომინანტობისას“ კი, იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, მე თუ გავბრაზდი ვინმეზე და ეს ვინმე ქალია, მაქვს მისი დასჯის, მითითების, მოთხოვნის უფლება…დაახლოებით ასეთი წარმოდგენაა მსგავს პატრიარქალურ კულტურებში.
_ პროგრესის მიუხედავად, ძირითადად, ქალები არ საუბრობენ ძალადობაზე; რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
_ ქალებმა ღიად საუბარი დაიწყეს მას შემდეგ, რაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებისგანაც გრძნობენ მხარდაჭერას. ძალადობის მსხვერპლმა რომ გაბედოს საუბარი ამაზე, მინიმუმ, უნდა ეგულებოდეს ვინმე დასაყრდენად. ძლიერ შეშინებულს თვითშეფსება სრულიად განადგურებული აქვს და ჰგონია, რომ მოძალადე ყველგან მიწვდება; რეალურად, ძალადობის მსხვერპლი ქალი იცავს თავს, რომ არ დადგეს ფატალური შედეგი და ეგუება, თვალს ხუჭავს, ითმენს…
საქართველოში, უფრო მეტად კი რეგიონებში, თითქმის ყველა მოუწოდებს გათხოვილ ქალს, რომ ყველაფერი მოითმინოს, ალტერნატივად არ განხლავენ დაშორებას. როცა ქალს არ აქვს წასასვლელი, მემკვიდრეობაც ისე განიხილება, რომ ყველაფერი ძმას რჩება და არაფერს ფლობენ, ირჩევენ მოთმენას და დუმილს. ქვეყანაშიც არაა საკმარისი სერვისი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საიმისოდ, რომ ეკონომიკურად დადგეს ფეხზე.
_ ეფექტიანია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის კუთხით?
_ უკმაყოფილების განცდა მაინც მაქვს, მაგრამ თუ გადავხედავთ 2014 წლდან დღემდე, ბევრი რამ შეიცვალა საკანონმდებლო და პრაქტიკის დონეზე. ოჯახში ძალადობის ჩამდენი, დღეს პრაქტიკულად შეიძლება ვეღარც გადაურჩეს ციხეს, გარდა ნეპოტიზმის შემთხვევებისა. სახელმწიფო ძალიან მკაცრად ეკიდება ამ თემას _ შსს-ში არსებობს პოლიტიკური დირექტივა, რომ ოჯახში ძალადობის თემაზე დაკავებული ადამიანი გარეთ “უმტკივნეულოდ” ვერ გამოვიდეს.
_ სახელმწიფო თუ აღიარებს კრიმინალად ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას?
_ რა თქმა უნდა! სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი გვქონდა აქამდეც, მაგრამ გვქონდა აღსრულების პრობლემა. ახლა გვაქვს დასჯის ნაწილში აღსრულება. ხარვეზები არის, შეიძლება პოლიცია სათანადოდ ვერ მოიქცეს,მაგრამ ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის მიხედვით, ოჯახში მოძალადეები მკაცრად ისჯებიან.
_ რა ცვლილებებს ისურვებდით კანონში, რომლებიც თქვენი აზრით, ოჯახში ძალადობას აგვაცილებს თავიდან?
– კანონის დონეზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და პრაქტიკულად, დახვეწილია უკვე. შესაძლებელია რაღაცეების გადახედვა, თუ ისინი არ მუშაობს, მაგრამ რეალურად, ამ ეტაპისთვის, მთავარი გვაქვს იმისთვის, რომ ეს დანაშაული სათანადოდ დავსაჯოთ. ოჯახში ძალადობის კუთხით გვაქვს შესაცვლელი გაუპატიურების მუხლი, რადგან ოჯახშიც ხდება გაუპატიურების ფაქტები. ამ კუთხით გვაქვს სამუშაო.რაც შეეხება ოჯახში ძალადობის კანონს, ის გამართულია და სათანადოდ აღსრულების შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე იქნება.
_ მოძალადეზე გაიცემა 30-დღიანი შემაკავებელი ორდერი; როგორ მუშაობს შემაკავებელი ორდერი? რა ხდება ამ 30 დღის შემდეგ?
_ შემაკავებელი ორდერით სახელმწიფო პირველ ეტაპზე აძლევს გაფრთხილებას. შემაკავებელი ორდერის დროს, სამაჯურების სისტემა მონიტორინგს უწევს დამნაშავის მიახლოებას მსხვერპლთან. აქამდე, მსხვერპლს უნდა დაერეკა და ეთქვა, რომ კვლავ მიუახლოვდა მოძალადე; ახლა ასე აღარაა. იმედი მაქვს, რომ სამაჯურების სისტემა მოაგვარებს ამას. განმეორების შემთხვევაში, მოძალადე ხვდება ციხეში.
_ სახელმწიფოს გარდა, სად შეიძლება მოვძებნოთ საზოგადოების ცნობიერების შეცვლის რესურსი, რათა ქალები გაძლიერდნენ და მეორე მხრივ, შეიცვალოს მოძალადის ქცევა?
_ უფლებების დაცვის პროცესში ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. სამართლებრივ პროცესში მას სჭირდება მისი უფლებების დამცველი -ადვოკატი. ქვეყანაში არსებობს არაერთი სერვისი (მათ შორის, ზოგი სახელმწიფოსგანაც), რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიიღოს უფასო იურიდიული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურება. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ზუსტად ამაზე მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვთ მწირი რესურსით. მაგრამ, როგორც წესი, ეს ქალებმა არ იციან და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, მარტო დარჩენის შიშია. ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებების შეცვლაა. სახელმწიფო უნდა აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე, რომ როდესაც ეს პრობლემა დგება, მხარდაჭერა იყოს ადეკვატური. ძალადობის მსხვერპლს უნდა ეგულებოდეს სადღაც ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არ ეტყვიან, რომ უნდა მოითმინოს, რომ ეს მისი ბრალია… ამ ჯგუფების გაფართოება განსაკუთრებით რეგიონებში გვჭირდება.ზოგჯერ ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა ძალიან ბევრს წყვეტს ბრძოლის დაწყებისთვის. თითოეულ ჩვენგანს, მხარდაჭერას და სოლიდარობას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
_ როგორ შეიძლება ამაღლდეს ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერება?
_ მთავარი ბერკეტი ისევ სახელმწიფოს ხელშია განათლების კუთხით და ეს არ გულისხმობს გაკვეთილზე ძალადობის თემაზე ერთი აბზაცის წაკითხვას; ძალიან კომპლექსური ამბავია _ ადამიანის ცნობიერებას ბევრი რამე აყალიბებს, ბევრი რამაა შესაცვლელი, ყველგან საჭიროა ცვლილებები და ღირებულებების გადაფასება. სოციალიზაციის პროცესს ვერ განსაზღვრავს რომელიმე ერთი მხარე _ სკოლა, ოჯახი, ეკლესია… რა თქმა უნდა ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, მაგრამ ასევე უდიდეს დროს ვატარებთ სკოლაში, მთელ 12 წელს. ამ ასაკში ყველაზე მეტად ფორმირდება ჩვენი ცნობიერება; ამიტომ, თუ რომელიმე რგოლში პრობლემებია, შეიძლება მხოლოდ მეორე რგოლის ღირებულებებმა ვერ დააბალანსოს. ავტორიტეტებს- _ მშობლებს და ოჯახს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანის ცნობიერებას არ აყალიბებს ერთი რომელიმე სივრცე. ამ შემთხვევაში, ყველაზე გავლენიანი სივრცე, ჩემი აზრით, არის სკოლა, ოჯახი და ეკლესია.