კვირა დღე ჩოხატაურში, ტრადიციულად, ბაზრობის დღეა. ეს არის დღე, როცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, მთელი თვის თუ ვერა, კვირიდან კვირამდე სამყოფი პროდუქტის შეძენას და სახლში წაღებას ცდილობს.
“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი დღეს ბაზრობას სტუმრობდა და ვცადეთ გარკვევა, მოიმატა თუ არა ფასებმა სხვადასხვა პროდუქტზე და როგორ იცავს ბაზრის დირექცია პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
მართალია, ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორი, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთის, ქუთაისის და თუნდაც ბათუმის ბაზართან შედარებით დაბალი ფასებია, თუმცა, მომხმარებლები ამბობენ, რომ შემოსავალი თვიდან თვემდე სამყოფი პროდუქტის შესაძენად არ ყოფნით.
“სავაჭრო ღირებულების ფასებმა შედარებით მოიმატა, მაგრამ მეტ-ნაკლებად გათანასწორებულია. რომ შევადაროთ ოზურგეთის, ქუთაისის ან ბათუმის ბაზარს, ჩვენთან შედარებით იაფია. რაც საქართველოში მთლიანობაში არის, საშუალო დონეზე ვართ ამ კუთხით”, _ ამბობს ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორი, თამაზ დევიძე.
ბაზარზე მისული ადამიანები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ პურის ფქვილის ფასი „გაიქცა“.
ინდმეწარმე მალხაზ თედორაძე გვეუბნება, რომ გაზრდილია როგორც სხვადასხვა დასახელების პურის ფქვილის, ასევე, ქატოს ფასიც.
“გულისტანის 25-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი 39 ლარი ღირს. დაახლოებით, მსგავსი ფასი აქვს “ბარაქას” და “პურადს”. მომატებულია ქატოს ფასიც”, _ გვითხრა მალხაზ თედორაძემ.
ერთ-ერთ მაღაზიაში დასაქმებული ქალბატონი გვეუბნება, რომ მომხმარებელს ფქვილის შეძენა უჭირს, რადგან ფასი, თითქმის, ყოველ კვირა იმატებს.
“სახელმწიფო, იქნებ, დაგვეხმაროს და ფასები დაარეგულიროს. ამ კვირაში სხვა ფასია, იმ კვირაში კი სხვა. ფასები რომ იცვლება და მატულობს, პირადად მე მრცხვენია მაღაზიაში შემოსვლა. მომხმარებელს შეძენა უჭირს. ფასების ასე გაბერვა შეიძლება?!”_ გვეუბნება ის.
დღეისთვის, ბაზარში 1 კგ. ყველის ფასი 8-10 ლარი იყო, თევზი 5-9 ლარი ღირდა, მწვანილის ფასი კი, რომელიც სადილის მოსამზადებლად ყველა დიასახლისს სჭირდება, შემდეგი იყო: 1 კგ. ქინძი 5 ლარი ღირდა, ოხრახუში _ 7 ლარი, ცერეცო _ 7 ლარი, წითელი ფხალი კი _ 1.50ლარი.
რაც შეეხება სანელებლების ფასს, 1 ჭიქა 1 ლარი ღირს და თუ ზამთრისთვის ტყემლის საწებელი მომარაგებული არ გაქვთ და გადაწყვიტეთ მზა შეიძინოთ, 1 ბოთლი 2 ლარი დაგიჯდებათ.
“ყველაფერი რომ ძვირდება, რა ვქნათ?”_ ამბობდნენ ბაზარზე მისული ადამიანები.
“პენსია და სოციალური დახმარება თვიდან თვემდე საჭირო პროდუქტების შესაძენად საკმარისი არ არის. 100 და 200 ლარი როცა შემოდის ოჯახში და სახლში 2 ჩვილი ბავშვია, რაშია სამყოფი?”, _ გვითხრა ქალბატონმა ლიამ.
ერთ-ერთი მოვაჭრე, მერი ვანაძე ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ამბობს, რომ გლეხის შრომა გაუფასურებულია.
“მსოფლიოს უჭირს. სახელმწიფოსაც. რაიონში გლეხის შრომა გაუფასურდა. დოლარი მაღლა წავიდა. ყველი 8 ლარი ღირს. რას წარმოადგენს 8 ლარი? _ არაფერია. იმ ლუკმის მადლიერი უნდა იყო, რასაც უფალი მოგცემს. რამდენი მეზობელი ვიცი ისეთი, საღამოს ვახშამი რომ არ აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც არ შრომობენ, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, მაინც არაფერი აქვთ. არიან ოჯახები, ვისაც სოციალურ დახმარებასაც კი არ უნიშნავენ, თუნდაც იმიტომ, რომ 1 სული საქონელი ჰყავთ”, _ გვეუბნება მერი ვანაძე.
რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას ბაზრობაზე, ბაზრის დირექტორი, თამაზ დევიძე გვეუბნება, რომ ბაზარში 2 კვირაში ერთხელ ტარდება სადეზინფექციოპ სამუშაოები.
“პანდემიასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი გვყავს მომაგრებული. მოგვამზადეს, შევიძინეთ დეზინფექციის აპარატი, შხამქიმიკატები, რაც საჭიროა ამ დეზინფექციისთვის. 2 კვირაში ერთხელ დეზინფექციას ვაკეთებთ; ვატარებთ თერმოსკრინინგს; პირბდის კეთებას მეტ-ნაკლებად ყველა მიეჩვია. პოლიციაც გვეხმარება და ჩვენც ვეუბნებით თანამშრომლებს“, _ ამბობს დევიძე.