დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს.
რაც შეეხება მთავრობის დამტკიცების პროცედურებს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგი ასეთია: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი კაბინეტის წევრები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ამის შემდეგ კი რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ამასთან, პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, მის კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრას არ აპირებს.