გასულ კვირას, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრმა სოფელ ასკანიდან, “შვიდკაცას ” წევრმა, ცნობილმა მომღერალმა ლევან ნინიძემ კოლეგებს ადრიანი გაზაფხული სიმღერით _ “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში…”, მიულოცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მან საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი გააცნო.
სხდომაზე წარმოადგინეს რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომელზეც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მნიშვნელოვანი იყო საკითხები, შტატების გადაადგილებისა და არასასოფლო-სამეურნეო მიწების ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ, რაზეც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა.
საკითხის _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” , განხილვისას, მან განაცხადა, რომ იგეგმება რიგი ცვლილებები.
_ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხდება მოქმედი შტატების გადაადგილებები. მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული 31 სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, 30 სტრუქტურული ქვედანაყოფი დარჩება. მოხდება ისე, რომ შრომითი ბაზრის კვლევის განყოფილების ფუნქციები გადავა სტრატეგიული კვლევის განყოფილებაში. შესაბამისად, დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული განხილვა ამ პროექტისა, _ თქვა თავაძემ და საკრებულოს წევრებს სთხოვა, თუ ჰქონდათ კითხვები, დაესვათ, თუმცა, კითხვის დასმის სურვილი არავის გამოუთქვამს და კენჭი უყარეს საკითხის საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებას.
საკრებულოს წევრებს კითხვები გაუჩნდათ მაშინ, როცა თავაძემ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრაზე ისაუბრა:
_ წარმოგიდგენთ მერიის პროექტს, რომელშიც საუბარია ცვლილებებზე. იცვლება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას.
საკრებულოს წევრების კითხვაზე, რატომ იზრდება ფასები, თავაძემ რამდენიმე ფაქტორი გამოყო.
თავდაპირველად განმარტა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ყოველ წელს იცვლება მიწის ნორმატიული ფასი:
_ ფასების მომატება განპირობებულია იმითაც, რომ აღნიშნული პროექტი 2014 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. ვალუტის კურსიც გაიზარდა, თუმცა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილება იყოს მთავარი. როგორც ვთქვი, 2014 წლის შემდეგ, არანაირი ცვლილება მიწის ნორმატიულ ფასს არ განუცდია და დადგა დღის წესრიგში საჭიროება, ეს საკითხი გადახედულიყო. ის 25 თებერვლისთვის, საკრებულოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
საკრებულოს წევრებმა საკითხის ადმინისტრაციულ წარმოებას მხარი დაუჭირეს.
საკრებულომ, დროებით სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების, აგრეთვე, ,,ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში” მონაწილეობს და მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით შეიქმნა, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.
_ სამუშაო დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ ითხოვეს ერთი თვით ვადის გადაწევა, _ მიმართა საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
სხდომის დასასრულს ისაუბრა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, როგორც ღია მმართველობა-პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის (Ogp-Local) ოფიციალურმა საკონტაქტო პირმა და საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა OGP Local-ის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გახორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე:
_ აქტიურად მიმდინარეობს საკრებულოს წევრთა ანგარიშების მოსმენა. მიუხედავად პანდემიისა, ამ დროისთვის, უკვე 20 წევრს აქვს ჩაბარებული ანგარიში და დღესაც გრძელდება მოსმენა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია მსოფლიოს 56 წევრს შორის, რომელიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებს. ეს შერჩევა მკაცრი კრიტერიუმებით მოხდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც წამყვანი უწყება, მერიის მხარდაჭერით, აქტიურად არის ჩაბმული ამ ამბიციურ პროექტში. ზოგადად, OGP-ის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ოზურგეთში კორუფციული რისკების შეფასების სისტემა დაინერგება. ამ მხრივ, მუნიციპალიტეტს USAID GGI დაეხმარება. მხარდაჭერის პროცესში განსაზღვრული ექნება შემდეგი კონკრეტული ამოცანები _ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ასევე, მუნიციპალური მმართველობის თავისებურებების გათვალისწინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის ადაპტირება. ასევე, იგეგმება კორუფციული რისკების შეფასების ანგარიშების შემუშავებაში მხარდაჭერა, _ თქვა ნანა თავდუმაძემ და გამოთქვა მზადყოფნა, ყველა საინტერესო საკითხზე საპასუხოდ და მხარდასაჭერად.