ცხოველი გარემოს განუყოფელი ნაწილია და ის, იმ ყოველდღიური საჭიროებების გამო, როგორიცაა საკვები, წყალი, თავშესაფარი, ვეტერინარული მოვლა, მოკლედ, რასაც მზრუნველობა და სიყვარული ჰქვია, ადამიანებზეა დამოკიდებული.
დღეს ქუჩაში ათასობით მიუსაფარი ცხოველია და ამ მხრივ არსებულ გამოწვევას არც ჩოხატაური ჩამორჩება.
“გურია ნიუსი” არსებული ვითარების შესახებ არაერთხელ წერდა, თუმცა, პრობლემა პრობლემად წლებია, რჩება, რადგან მხოლოდ სტატიების წერით ვითარება არ შეიცვლება, თუ კომპეტენტურმა პირებმა და რიგითმა ადამიანებმა სათანადო ზომები არ მიიღეს.
ქუჩაში ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ჯგუფურად თავშეყრილი ძაღლების ეშინიათ.
“საღამო იყო. სახლში მივდიოდი და რამდენიმე ძაღლი გამომეკიდა. ყეფა-ყეფით მომდევდნენ, ზოგი მიღრენდა. ძალიან შემეშინდა, რომ ეკბინათ და დავეგლიჯე?” _ გვიამბო საშუალო ასაკის ქალბატონმა.
ჩოხატაურში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი.
ერთ-ერთი მათგანი მაღაზიაში მომუშავე ირმა ყაჭეიშვილია.
ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ძაღლებს რამდენიმე წელია უვლის. ამჟამად მიკედლებული 3 მიუსაფარი ძაღლი ჰყავს. როცა მაღაზიაში მუშაობასთან ერთად ძაღლების გამოკვება დაიწყო, ხალხის მხრიდან წინააღმდეგობასაც წააწყდა, მაგრამ მათი დამშვიდება შეძლო. ის ამბობს, რომ მის მიერ შეკედლებული ძაღლები არავის ერჩიან და არც მათი მხრიდან ვინმეს დაკბენის შემთხვევა ყოფილა ამ დროის განმავლობაში.
” რაც ამ მაღაზიაში ვმუშაობ, დღე არ ყოფილა, ძაღლი არ გამომეკვება. ამ წუთს 3 ძაღლი მყავს მოკედლებული. მეცოდებიან ქუჩაში უპატრონოდ მიტოვებული ძაღლები. რომ ვუკვირდები, ადამიანებზე მეტად ერთგულები არიან. იმდენად მიყვარს და ვპატრონობ, რომ ქუჩაში მეგებებიან, როცა ფეხით მოვდივარ. ერთხელ წაიყვანეს და 2 კვირა დააგვიანდათ მოყვანა, ისე ვინერვიულე, ღამე არ მეძინებოდა. ერთხელ ძაღლი ვნახე, კისერში ჯაჭვი ჰქონდა და რომ ავწონე, 700 გრამი იყო. შევიჩვიე, ვაჭამე, მოვუარე, რა წამლები აღარ დავალევინე. ზოგს ეშინია, ამბობს, რომ ადრე ძაღლმა დაკბინა. ჩემთან რაც ძაღლია, არც ერთს არავისთვის არ უკბენია.
მიტოვებული ძაღლი პატრონთან დაშორებას განიცდის, შემდეგ მარტო დარჩენას ქუჩაში და დასტრესილ ძაღლს კიდევ ჯაჭვს რომ შეაბამ მოგუდვამდე, საშინელებაა.
ადამიანი ხელს გააქანებს და რამეს მოიპოვებს საკვებად. ცხოველმა რა ქნას, შენი შემყურე რომაა? ყველას რომ უყვარდეს და ერთგული იყოს, ასეთი მდგომარეობა არ იქნება. ზოგი ძაღლს იმიტომ აგდებს, რომ დაბერდა, ზოგიც ლეკვებს ყრის, რადგან არ უნდა სახლში ბევრი ძაღლის ყოლა. თუკი ძაღლს კარგი პატრონი ჰყავს, ის თავის ნებით სახლიდან არ წავა. ჯარიმა უნდა იყოს ძაღლის უპატრონოდ დატოვებაზე. იქნებ, მაშინ მაინც მოგვარდეს პრობლემა” , _ ამბობს ყაჭეიშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ძაღლს რამეს არ დაუშავებენ, არც თვითონ ვნებს ადამიანებს.
გურამ სიხარულიძე წლებია, რაც მიუსაფარ ძაღლებს კვებავს ქუჩაში.
მან მიუსაფარი ძაღლების გამოკვება 10 წელზე მეტია, რაც დაიწყო და მას შემდეგ, როცა სახლიდან გამოდის, ყოველთვის თან აქვს პური და წამალი, რომ ძაღლებს აჭამოს და თუ სამკურნალოა, უმკურნალოს.
ბატონი გურამი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ კასტრაციის ან აცრების ჩატარება საკმარისი არ არის და მათთვის ჩოხატაურში თავშესაფრის არსებობაა აუცილებელი.
“ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს, რომ ქუჩაში დატოვებული ძაღლი წანწალს დაიწყებს საჭმლისთვის?! ზოგს ქათამს მოპარავს, ზოგს _ პურს. თავშესაფარი უნდა იყოს, რომ ძაღლებმა საზოგადოება არ შეაწუხონ. უნდა გამოყონ პირი, ვინც ამ ძაღლებს გამოკვებავს. მაინცდამაინც გულმოწყალე ადამიანებმა უნდა ვკვებოთ? ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 ძაღლი ვერ უნდა შეინახოს? აქ 20-ამდე ძაღლი მაინც იქნება. ყველა ძაღლს ვიცნობ. არავის ერჩიან, საჭმლისთვის წანწალებენ. ათასში ერთი თუ იტყვის, რომ ძაღლის ეშინია. ძაღლი, რაც არ უნდა მშიერი იყოს, ადამიანს უმიზეზოდ არ უკბენს. არც ხელფასი და არც პენსია არ მაქვს, მაგრამ მაინც ვაჭმევ. ზოგი სახლთანაც კი მაკითხავს.
თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილია ფული და იპარავენ, არ ვიცი. როგორ შეიძლება ძაღლს კასტრაცია ჩაუტარო და გაუშვა ქუჩაში? კვება არ უნდა? სოფლებიდან ჩამოყავთ ძაღლები და უშვებენ ქუჩაში. წავა, გაიქცევა, მოიპარავს ქათამს, აბა რას იზამს?! სახლის მეპატრონე თუ გამოიჭერს, მოკლავს… ასეთია მიუსაფარი ძაღლების ბედი” , _ გვეუბნება გურამ სიხარულიძე.
სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ძაღლი ავია, ცოფიანია და ხალხს უმიზეზოდ ერჩის, მაშინ ასეთი ძაღლი ან უნდა დააძინონ, ან თუ პატრონი ჰყავს და ძაღლის დაძინება არ სურს, მაშინ უნდა დააბას:
“თუ ძაღლი ავია, ცოფიანია და ხალხს უმიზეზოდ კბენს, მაშინ იმ ძაღლის დაძინება უნდა მოხდეს. თუ ასეთ ძაღლს პატრონი ჰყავს და არ სურს, რომ ძაღლი მოკლას, მაშინ უნდა დააბას, რომ საზოგადოებას საფრთხე არ შეუქმნას” .
სიხარულიძე იხსენებს, რომ “ჩოხატაურში ერთი ოჯახი იყო, რომელიც ძაღლებს პატრონობდა. ხალხი ამბობდა, თავშესაფარი აქვს ძაღლების და მათ მოვლაში ფულს აძლევენო. ვკითხე იმ ოჯახში და გაუკვირდათ _ რა თავშესაფარი, ჩვენი ნებით ვაჭმევთ ძაღლებსო, მითხრეს. ცოტა ხნის შემდეგ ის ძაღლები მონიტორინგის სამსახურმა წაიყვანა. ხალხმა იჩივლა, ძაღლები ერთად რომ არიან, მოგვდევენ და გვაშინებენო. ზოგი ურეკში გაუშვეს, ზოგი _ ლანჩხუთში და დააცალკევეს ასე” .
რა კეთდება ჩოხატაურში მიუსაფარი ძაღლების და ასევე, მათი არსებობით გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად; რა თანხა არის გამოყოფილი თითოეულ ძაღლზე და რას ითვალისწინებს აღნიშნული თანხა; რაიმეთი თუ ეხმარება მუნიციპალიტეტი იმ ადამიანებს, ვინც მიუსაფარ ძაღლებს კვებავენ; ევალება თუ არა მიმკედლებელს, რომ მიკედლებული ძაღლები სახლის ეზოში ან ვოლიერში ჰყავდეს _ ამ საკითხების შესახებ კომენტარის მოპოვება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიდან მერიის პრესსამსახურის დახმარებით ვცადეთ.
“მერია ყოველ წელს მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს მიუსაფარი ძაღლების გაყვანა, აცრასა და “დაბირკვაში” . ეს მომსახურება ყოველ წელს ძვირდება, ბოლო პერიოდში კი გაორმაგდა. გასულ წელს 95 მიუსაფარი ძაღლი იქნა გაყვანილი, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 9 000 ლარი დაუჯდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი კომპანია ოპერირებს აღნიშნულ ბაზარზე და გარდა იმისა, რომ ფასიც ძვირდება, ოპერატიულობაც არასაკმარისია” , _ ნათქვამია ირაკლი კუჭავას პასუხში, რომელიც პრესსამსახურის დახმარებით მივიღეთ.
მერმა, სამწუხაროდ, ჩვენი კითხვების ნაწილი უპასუხოდ დატოვა.
ცხოველთა უფლებადამცველი, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი, თიკო კვალიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ცხოველების უფლებების დასაცავად ზომებია მისაღები.
კვალიაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობასთან შედარებით, რეგიონებში მოსახლეობას დაბალი ცნობიერება აქვს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, რამდენიმე წელია, რაც ჰუმანური გახდა და საზოგადოება ჯერ კიდევ სწავლობს:
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც ცხოველთა უფლებებს დაიცავს, შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში უპატრონო ძაღლების კი არა, პატრონიანი ძაღლების უფლებებიც კი არ არის დაცული. შესაბამისად, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.
პრობლემას მოაგვარებს კანონი და რაოდენობის მართვა, ანუ სტერილიზაცია, კასტრაცია. როდესაც ჩვენ მკაცრად მივუდგებით ჯიშიანი ძაღლების პატრონებს და გავაკონტროლებთ, რომ მათ უმართავად არ ამრავლონ თავიანთი ძაღლები; როდესაც მკაცრად მივუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ცხოველებს ქუჩაში ყრიან; როდესაც გავასტერილებთ ყველა მიუსაფარ ცხოველს, რომელიც ქუჩაში შეგხვდება და გვექნება კარგი კანონი მათი უფლებების დასაცავად და ადამიანების გასაკონტროლებლად, ვფიქრობ, ეს პრობლემა მოგვარდება. აუცილებელია, საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება. როდესაც შენი ტერიტორიის გვერდზე ცხოვრობს მიუსაფარი ცხოველი, შენ მას კი არ უნდა აგდებდე, არამედ უნდა მიიკედლო, დააპურო, გაუკეთო ვაქცინაცია და ის იქნება უკვე შენი ტერიტორიის დამცველი, თუნდაც მღრღნელებისგან.
მიკედლება არის მიუსაფარი ცხოველისადმი ჰუმანური დამოკიდებულება, როდესაც შენ საკუთარ თავზე იღებ მის კვებას, წელიწადში ერთხელ მის გაკონტროლებას, რომ მუნიციპალიტეტმა ის თავიდან აცრას ცოფზე. მიხარია, რომ თბილისში ბევრი მიმკედლებელია და ეს უწყობს ხელს მიუსაფრების მოვლას.
ცხოველის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ფეხს იკიდებს. რამდენიმე წლის წინ მოსახლეობამ სტერილიზაციის მნიშვნელობაც კი არ იცოდა. ჩვენ ახლა ვიწყებთ სწავლას, როგორ უნდა ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე, როგორ უნდა გავაკონტროლოთ სწორად, რომ არ გამრავლდნენ და ა. შ.
იმედი მაქვს, თბილისი გახდება მაგალითი რეგიონებისთვის, რომ დაიწყონ სწორად მიდგომა მიუსაფარ ცხოველებთან მიმართებაში”, _ ამბობს კვალიაშვილი.
ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებლის თქმით, იმ ადამიანებმა, რომელთაც ქუჩაში ძაღლების ეშინიათ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ძაღლი, რომელსაც ყურზე სპეციალური ნიშანი უკეთია და ცოფზე აცრილია, მოსახლეობისთვის სახიფათო არ არის:
“მე მესმის იმ ადამიანების ნაწილის, ვისაც აქვს ფობია მიუსაფარ ცხოველებთან მიმართებაში. ამას ძალიან ბევრი ფაქტორი იწვევს, თუნდაც ის, რომ შესაძლოა ბავშვობაში რომელიმე ძაღლმა დაკბინა. ვაქცინირებული, ” ბირკიანი” ცხოველი, რომელიც თავშესაფარში ნამყოფია, კინოლოგის მიერ დაკვირვების ქვეშაა, არის უსაფრთხო მოსახლეობისთვის.
ცხოველებსაც ახასიათებთ ჯგუფური შეკრებები, ტერიტორიების ათვისებები, რაც მოსახლეობის ნაწილში შიშს ქმნის. მათ ჰგონიათ, რომ ეს ცხოველები დაესხმებიან თავს. ვურჩევდი, რომ ვაქცინირებული და კინოლოგის დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველების არ ეშინოდეთ, იმიტომ, რომ ისინი აგრესიულები არ არიან.
თხოვნა მექნება _ თუ არ დაეხმარებიან, რამე არ დაუშავონ ცხოველებს და ლოიალურები იყვნენ”,_ გვეუბნება კვალიაშვილი.